ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობასა და შშმპ ორგანიზაცია – „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის’’ შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის მერიიდან მიაწოდეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ და შშმპ ორგანიზაცია „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“ ხელმძღვანელმა გიორგი კოხრეიძემ.
მემორანდუმის მიზანია, თბილისის მერიისა და გამგეობის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა. კერძოდ, ორგანიზაცია გამგეობასთან ერთად აქტიურად ჩაერთვება გლდანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებში, ამასთან, გლდანის გამგეობა მხარს დაუჭერს ყველა პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ სხვადასხვა კულტურული, შემოქმედებითი, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების განხარციელების დროს, რაც მიმართული იქნება შშმ პირთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისაკენ. მემორანდუმის ხელმოწერას თბილისის მერი დავით ნარმანია, რაიონების გამგებლები და პარლამენტის და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. დავით ნარმანიას თქმით, ინიციატივა მისასალმებელია და თბილისის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ინტეგრირებულები საზოგადოებაში. გლდანის რაიონში 4280 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს.