დავით ნარმანია ბაგა-ბაღებში გამოვლენილ დარღვევებს გაეცნო

   ისან-სამგორის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღების მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის ფარგლებში, 31 ბაგა-ბაღში ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი ფირმის „შპს „GMS” მხრიდან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გამოვლინდა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გამოყენებული პროდუქციის ხარისხი, სატენდერო პირობებში წარმოდგენილზე ბევრად დაბალია. ამასთანავე, უკვე ჩატარებული სამუშაოები არასრულად და უხარისხოდ არის შესრულებული.
მიუხედავად გამოვლენილი დარღვევებისა, 8 სექტემბერს,თბილისში მდებარე 159 ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყება, დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი უქმე დღეების ხარჯზე, მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს დღეს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი დავით ნარმანია.
დავით ნარმანიას შეფასებით, სახეზეა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება როგორც კონტრაქტორი, ასევე მერიის იმ ხელმძღვანელი პირის მხრიდან, რომელსაც ევალებოდა ამ ობიექტებზე ზედამხედველობა და ის გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
„გამომდინარე იქიდან რომ პირობები არის ძალიან მძიმე, ჩემი მხრიდანაც მიღებული იქნება ადეკვატური, მძიმე გადაწყვეტილება – მკაცრად დაისჯება როგორც კონტრაქტორი კომპანია, დაისჯებიან მერიის ის თანამშრომლებიც, რომლებსაც ევალდებოდათ შესაბამისი ზედამხედველობა იმაზე, რომ კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოები დროულად და ხარისხინად შეესრულებინა. ეს უნდა გახდეს მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ საკუთარ ქალაქს, შვილებს და მათ მომავალს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი აფრთხილებს კონტრაქტორ კომპანიებს, რომ დედაქალაქის მთავრობის დამოკიდებულება იქნება ძალიან მკაცრი და საქმიანობას გააგრძელებს ის ვინც ხარისხინად და დროულად შეასრულებს სამუშაოებს. „მხოლოდ ასე გახდება შესაძლებელი ქალაქში წესრიგის დამყარება, რასაც ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მთავრობასთან 2014 წლის 13 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორ ფირმას, ისან-სამგორის რაიონის 31 ბაგა-ბაღში მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის და მდფ-ის კარებების გამოცვლის ვალდებულება ჰქონდა აღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები