ალყაში მყოფი მებრძოლების გამოყვანაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან ალყაში მყოფი ბატალიონის სამხედროების გამოყვანაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბატალიონ “დონბასის” პრესსამსახური ავრცელებს.
მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აწარმოებდა.
“განსაზღვრული და შეთანხმებულია მარშრუტი, რომლითაც მოხდება ალყაში მყოფების გამოყვანა. ამ ადგილისკენ უკვე გაემგზავრნენ უკრაინელი სამხედროები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ დონბასში მოქმედ სეპარატისტებს მოუწოდა, ალყაში მოქცეული სამხედროებისთვის ჰუმანტარული კორიდორი გაეხსნათ.
დონბასში მოქმედი შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის კორიდორი გარკვეული პირობით გაეკეთებინათ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში უზრუნველყოფდნენ უკრაინელი სამხედროების გაყვანას, თუ ისინი ჰუმანიტარული კორიდორიდან იარაღის გარეშე გავიდოდნენ.
ბატალიონმა, რომელიც მოხალისეებით არის დაკომპლექტებული, ალყის გარღვევა ერთხელ უკვე სცადა, თუმცა უშედეგეოდ. არსებული ინფორმაციით, ბატალიონ “დონბასის” შემადგენლობაში ორი ქართველიც არის.