„პრეზიდენტი არ არის პროცესებიდან ჩამოცილებული, შეიძლება, ვისაუბროთ ფუნქციების შეზღუდვაზე“ – გია ვოლსკი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებებზე
პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესიდან პრეზიდენტი არ არის ჩამოცილებული, – ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეზიდენტი არ არის პროცესებიდან ჩამოცილებული. პრეზიდენტს გარკვეული ფუნქცია აქვს. შეიძლება, ვისაუბროთ ფუნქციების შეზღუდვაზე – კანდიდატის წარმოდგენის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება, მაგრამ ესეც გარკვეული ვითარებიდან გამომდინარეა. ობიექტური გადაწყვეტილებაა.
ვფიქრობ, ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება, ვინაიდან არ შეიძლება, მუდმივად შანტაჟის ქვეშ ვიყოთ და ოპოზიციის შანტაჟს დაექვემდებაროს მთელი საზოგადოება მაშინ, როდესაც მათი მიზანი საერთოდ არაა არჩევა ისეთი პიროვნების, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ როგორმე საბოტაჟის რეჟიმში გაატარონ სახელმწიფო და ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებები შედის.
დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.