„მითი და რეალობა“ – სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ექსპოზიცია გაიხსნება

16 მაისს, 15:00 საათზე, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება ექსპოზიცია – „მითი და რეალობა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე გასული საუკუნის 20-40-იან წლებში ეთნოლოგ დინა კოჟევნიკოვას მიერ, ზემო სვანეთის სხვადასხვა თემში გადაღებული თემატურად მრავალფეროვანი და ინფორმაციული ფოტოსურათებია წარმოდგენილი, რომლებიც სვანეთის ყოველდღიური ცხოვრების ცოცხალ ყოფით გარემოს ავთენტიკურად ასახავს.
ექსპოზიციაზე ასევე შესაძლებელია დინა კოჟევნიკოვას მიერ შესრულებული გრაფიკული ჩანახატებისა და, სამეცნიერო ჯგუფის მიერ  2019-2022 წწ. ჩატარებული მივლინებების დროს, ზემო სვანეთში გადაღებულ ხალხურ დღესასწაულთა ამსახველი ვიზუალური მასალის ხილვა.
სვანეთის უცნობი მემატიანე, პეტერბურგელი ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვა წლების მანძილზე ცხოვრობდა ზემო სვანეთში (1927-1944წწ), შეისწავლა სვანური და ქართული ენები. სვანურ ენაზე თავდაპირველად რუსულად, შემდეგ კი ნიკო მარისეული ანალიტიკური და ქართული ანბანით უნიკალური ეთნოგრაფიული ცნობები ჩაიწერა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი საინტერესო მომენტები ფირზე აღბეჭდა.
ეთნოლოგის არქივი, რომელიც მოიცავს 12 000-მდე ხელნაწერ და ნაბეჭდ ფურცელს, 200 – მდე ფოტოსურათსა და რამდენიმე გრაფიკულ ჩანახატს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ისტორიისა და ეთნოგრაფიის კოლექციებშია დაცული.
გამოფენა მომზადდა პროექტის _ „სვანეთის ყოფის ამსახველი უცნობი საარქივო მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“ (FR-19-16133) ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ექსპოზიცია 2023 წლის 18 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები