რატომ გვჯერა შეთქმულების თეორიების

სულ ახლახან ამერიკელებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა შემდეგი – მათ მესამედს მიაჩნია, რომ კორონავირუსი ხელოვნური წარმოშობისაა და საიდუმლო ლაბორატორიებში ჩვენი სიკვდილისთვის შეიქმნა. უფრო მეტიც, გამოკითხულთა ორი მესამედი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს მთავრობა მათ უმალავს ინფორმაციას უცხოპლანეტელებთან კონტაქტების შესახებ, 4% კი თვლის, რომ რეპტილიები მართავენ სამყაროს. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ კონსპირაციული აზროვნება არის არა ადამიანის „სიბნელის“ და ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ნიშანი, არამედ განსაკუთრებული ფენომენი, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა ფენაზე.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ კონსპირაციული აზროვნება ადამიანის ტვინის თვისებაა. ჩვენი გონება ისეა მოწყობილი, რომ გვჯერა შეთქმულების თეორიების, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ერს ვეკუთვნით, რა განათლება გვაქვს და როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.
იმის გასაგებად, თუ რატომ გვჯერა კონსპირაციებისა და საიდუმლო საზოგადოებების, ჩვენ უნდა ვიპოვოთ შეთქმულების თეორიის ცნების განმარტება. როგორც გაირკვა, ეს სულაც არ არის ადვილი საქმე, რადგან თანამედროვე ფორმულირებების უმეტესობა მაინც გაუგებრობაში გვტოვებს. მაგალითად, ძალიან ავტორიტეტულ ოქსფორდის ლექსიკონში ნათქვამია, რომ შეთქმულების თეორია აღწერს მოვლენებს, რომლებიც მოხდა ადამიანთა ჯგუფის შეთქმულების შედეგად. სხვა გამოცემებიც მსგავს განმარტებას იძლევა. თუმცა, მსოფლიოში ყოველ წუთს ხდება დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ადამიანთა ჯგუფის მიერ ფარული შეთქმულების შედეგად, მაგრამ ისინი არ არის კლასიფიცირებული, როგორც შეთქმულების თეორიები.

ჰოლანდიელმა ფსიქოლოგებმა – იან-ვილემ ვან პროიენმა და მარკ ვან ვუგტმა – ავტორებმა სამეცნიერო ნაშრომის, „შეთქმულების თეორიები: ფსიქოლოგიური მექანიზმები“, შემოგვთავაზეს შეთქმულების თეორიის თავისებური ნიშნები:

  • ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია რაღაც ორგანიზაციასთან. თუ ადამიანმა რაღაც მარტომ დაიწყო, მაშინ ჩვენ აღარ ვსაუბრობთ შეთქმულების თეორიებზე;
  • შეთქმულება, რა თქმა უნდა, ბოროტ მიზნებს მოიცავს. მაშასადამე, თუ თქვენ ფარულად გააერთიანეთ ძალები თანამშრომლებთან კოლეგის გასახალისებლად, მაშინ ეს უკვე განსხვავებულია;
  • შეთქმულების სიუჟეტი ეყრდნობა შეთქმულებსა და მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი ურთიერთობების დამყარებას. ძალიან ხშირად (თითქმის ყოველთვის) ეს კავშირები მთლიანად გამოგონილია;
  • შეთქმულების მოქმედების იდეა და სცენარი ყოველთვის საიდუმლოებით არის მოცული. შეთქმულების აღმოჩენის შემდეგ ეს აღარ არის შეთქმულების თეორია.

ასეთი გახლავთ ჟანრის კანონები, მაგრამ არსებობს მსგავსი თეორიების სხვა ნიშნები, რომლებიც ნაკლებად აშკარაა. ფსიქოლოგები გამოყოფენ ისეთ თვისებას, როგორიცაა მტკიცებულებების ნაკლებობა, რაც შეთქმულების თეორიისთვის უფრო პლუსია, ვიდრე ნაკლი. მაგალითად, ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ეს შეთქმულების თეორია განსაკუთრებით პოპულარული. მისი მომხრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იმის ნიშანია, თითქოს, საიდუმლო განსაკუთრებით მკაცრად ინახება.

თუკი არსებობს მტკიცებულება, მაშინ მათ შეთქმულების თეორეტიკოსები ასევე თავიანთი თეორიის სასარგებლოდ განმარტავენ. მათი აზრით, ეს ყველაფერი ფაქტების ოსტატურად გაყალბებაზე მიანიშნებს, რაც მხოლოდ ძლიერ საიდუმლო ძალას შეუძლია.
ცნობილია, რომ ფარულად მცირე შეთქმულების ორგანიზებაც კი რთულია. ყოველთვის ჩაერევა ადამიანური ფაქტორი – ადამიანები უშვებენ შეცდომებს, ჩხუბობენ, ღალატობენ, ემოციების ტყვეობაში ექცევიან. შეთქმულების თეორეტიკოსები შეთქმულების ავტორებს ყოვლისშემძლეებად და საოცრად წინდახედულებად თვლიან. ათასობით ადამიანი მონაწილეობს მათ ბნელ საქმეებში, მაგრამ არც ერთი მათგანი არ უშვებს შეცდომას.

შეთქმულების თეორეტიკოსების ლოგიკა ხშირად არ მუშაობს. ერთხელ ფსიქოლოგებმა-  მაიკ ვუდმა და კარენ დუგლასმა – ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი: მათ ადამიანთა ჯგუფს შესთავაზეს ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის სამი ვერსია. ერთი მათგანი რეალური იყო, ხოლო დანარჩენი ორი შეთქმულების თეორია გახლდათ და უფრო მეტიც, წინააღმდეგობრივიც იყო.

საინტერესოა, რომ კვლევის მონაწილეები, რომლებსაც სჯეროდათ ერთი შეთქმულების თეორიის, არ გამორიცხავდნენ მეორის ჭეშმარიტებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა მათ მიერ არჩეულს. ეს ადასტურებს, რომ შეთქმულების თეორეტიკოსებისთვის ფაქტები არ არის მნიშვნელოვანი – მათ უბრალოდ სჯერათ ან არ სჯერათ მათი, აზროვნების თავისებურებების გამო. ამ მახასიათებლებიდან მთავარს შეიძლება კონტროლის საჭიროება ეწოდოს. ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ ვიღაც აკონტროლებს მის ცხოვრებას და რომ ის მკაცრ ლოგიკას ექვემდებარება. ფიქრი, რომ ჩვენი ბედი შემთხვევების ჯაჭვია, გვაშინებს და გვამწუხრებს. მეცნიერები მეორე მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ კომპეტენციის გადაფასების ფაქტორს  ბევრი ჩვენგანი, YouTube-ზე მოკლე ვიდეოს ნახვის შემდეგ, მაშინვე თავს ექსპერტად თვლის და რთულ საკითხებზე საუბარს იწყებს.

და ბოლოს, „პროპორციულობის შეცდომა“ მუშაობს. ჩვენ მიჩვეულები ვართ, გვჯეროდეს, რომ მოვლენის მიზეზი თავად მოვლენის მასშტაბთან არის შესაბამისი. ამიტომ, არავის სურს დაიჯეროს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლა მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ბიჭმა, პრინცესა დიანა კი, ყველაზე ჩვეულებრივ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები