რა გავლენას მოახდენს მოსკოვი-ცხინვალის ურთიერთობაზე “საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის და ფრენების აღდგენა” – ე.წ.სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში კომენტარი გაკეთდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, ე.წ. რესპუბლიკის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენს.
ამის შესახებ “რეს”-ს დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ვაზაგოვმა განუცხადა.
მისი თქმით, “ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, რომ საქართველოში რევანშისტულმა ძალებმა, გარე მხარდაჭერით, ვერ განახორციელონ კონფრონტაციული სცენარი, რომელმაც საზღვრებზე შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს”.
“რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები ვითარდება მკაფიოდ განსაზღვრული ვექტორით, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს გამოიკვეთა და ჩაწერილ იქნა სახელმწიფოთაშორის დოკუმენტებში, მათ შორის, 2015 წლის ალიანსისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებაში“, – თქვა მან.
მისი აზრით, გასათვალისწინებელია, რომ 2022-2023 წლებში “საქართველოს ეკონომიკის ზრდა პირდაპირ კავშირშია რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებასთან, ტურისტების ნაკადსა და სხვა ცნობილ ფაქტორებთან”.
„ამ კუთხით, ვიზებისა და პირდაპირი ფრენების გაუქმება ახალი იმპულსი იქნება საქართველოში ტურიზმის განვითარებისა და მოსახლეობის იმ ნაწილის ბიზნესაქტივობის გაზრდისთვის, რომლებისთვისაც დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა არაპერსპექტიული იყო. გარკვეულ სცენარებში ამ პროცესებმა შესაძლოა, საქართველოს მრავალრიცხოვანი მოსახლეობის სეგმენტი, რომელიც რუსეთთან არის ურთიერთობით დაინტერესებული, რადიკალური პროდასავლური სექტორის ბუნებრივი საპირწონე გახდეს. თუმცა, საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტებში, ეს სცენარი არასდროს მუშაობდა სწორი მიმართულებით. ექსტრემისტები და რადიკალები ყოველთვის სჭარბობდნენ პრაგმატისტებს, რომლებიც ცდილობენ, თავიდან ააცილონ ქვეყანას საშიში კონფლიქტური სცენარი”, – მიიჩნევს ვაზაგოვი.
მისი დასკვნით, ქართული საზოგადოება ისევ არჩევანის წინაშე დგას, „ან ძველი შეცდომების გამეორება, ან აირჩიოს პრაგმატული პოლიტიკა რეალობის მკაფიო გათვალისწინებით, რომელიც 2008 წლის აგვისტოდან ჩამოყალიბდა”.