კულტურის სამინისტრომ, ახალგაზრდებში არქეოლოგიის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“. კონკურსის პირობებსა და ვადებზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
„კონკურსისთვის გამოყოფილია 15 000 ლარი. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია; არქეოლოგიური კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აქტუალური პროცესების ხელშეწყობა; საველე არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების გზით ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
2022 წელს ამ კონკურსის ბიუჯეტი იყო 20 000 ლარი და დაფინანსდა ორი პროექტი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა. შესაძლოა, უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის წარმდგენ კონკურსანტს აქვს საველე არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება.
კონკურსში წარმოდგენილი პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს არაუადრეს 2023 წლის 15 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 12 მაისიდან 2023 წლის 22 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. №4 ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ტელ.: № 032 2 022229 ან № 577 470 691, სამუშაო საათების განმავლობაში. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 6 ივნისისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/36vFwCt