„ბისერით ქსოვა ჩემი პირველი და მთავარი გატაცებაა“ – თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც 20 წელია, მძივებით ქმნის სამკაულებს

დაიბად თბილისში, ცხოვრობრუსთავში. სკოლის დამთავრების შემდეგ სამკერვალო ტენიკუმში სწავლობდა.
ხატვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბავშვობიდან უყვარდა. ქმნის სხვადასხვა ნაკეთობას, ტექსტილის თოჯინებს, 20 წელია ბისერით ქსოვს სამკაულებს. ელენე ბაიდიკოვას პერსონა.

– ხელსაქმე და ხატვა ბავშვობიდან გიყვარდათ…
– თბილისში დავიბადე. ბაღი და სკოლა რუსთავში დავამთავრე. ხატვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბავშვობიდან მიყვარდა. თავიდან ვქმნიდი ნაკეთობებს მუყაოსგან, გირჩებისა და რკოებისგან. ჩვენ ამას სკოლაში გვასწავლიდნენ.
ჩემს ბავშვობაში მაღაზიაში არ იყო  მასალების ისეთი არჩევანი, როგორიც დღეს არის, ამიტომაც ნაკეთობებს ვქმნიდი იმისგან, რაც ხელთ მქონდა. დროთა განმავლობაში, როდესაც გავრცელდა ინტერნეტქსელი, მომეცა შესაძლებლობა, სხვა ხელოვანების ნამუშევრებს გავცნობოდი. ასევე მომეცა სხვა ახალ მასალებთან წვდომა. ამიტომაც მომინდა, გამომეცადა საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით.
– ქმნით სააღდგომო კვერცხებს, ნაძვის ხის სათამაშოებს, ბარელიეფებს, 3D სურათებს, ფინჯნებს პოლიმერული თიხით… და ყველა ნაკეთობა ლამაზია, ორიგინალური…
– სახლში ვმუშაობდი და ახლაც სახლში ვმუშაობ. მასალასაც სახლში ვინახავ, თუმცა ძალიან დიდ ადგილს საჭიროებს.
ჩემი ნამუშევრებისთვის ვიყენებ სხვადასხვა მასალას. მაგალითად, სააღდგომო კვერცხებს ვქმნი თაბაშირისგან, ბარელიეფს და 3D ნახატებს, თაბაშირის ე.წ. შპაკლისაგან. ნაძვის ხის სათამაშოებს – თვითგამკვრივებადი თიხისაგან. დეკორს ჩაის ფინჯნებზე  პოლიმერული თიხისაგან ვქმნი.
– ტექსტილის თოჯინები… ფანტაზიით აკეთებთ თუ პროტოტიპები არიან? რატომ ტექსტილი?
ტექსტილის თოჯინებმა არც ისე დიდი ხანია, რაც გამიტაცა. ერთხელ გადავწყვიტე, რომ გამომეცადა თავი ამ მიმართულებით და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. უმეტესად, ჩემი ბავშვობის მულტფილმის პერსონაჟებს ვქმნი, თუმცა მაქვს საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ერთი-ორი  ნამუშევარიც. თავად თოჯინა ძალიან მალე იქმნება, მაგრამ უამრავი დრო და ენერგია მიაქვს თოჯინის სამოსისა და ვარცხნილობის დამუშავებას და შექმნას.
 20 წელია მძივებით სამკაულებს ამზადებთ… გემოვნებიანი ფერები და დახვეწილი ხელოვნება გამოარჩევს  მათ…   რა  მასალებს იყენებთ?  ყველაზე მეტად რომელი სამკაულის დამზადება გიყვართ?
– ბისერით ქსოვა ჩემი პირველი და მთავარი გატაცებაა. 20 წლის წინ ამ ტექნიკის  შესასწავლად თითქმის არანაირი მასტერკლასი არ არსებობდა, ამიტომაც თვითნასწავლი გახლავართ. ხან გამომდიოდა, ხანაც – არა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრიდი.
დღეს ასეთი პრობლემა აღარ არსებობს, ამას ინტერნეტს უნდა ვუმადლოდე. ბისერით ნებისმიერი ნაკეთობის შექმნა იწყება ესკიზით, ასევე მასალის, ფერებისა და ფურნიტურის არჩევით. მხოლოდ ამის მერე მზადდება ნაკეთობა.
ხშირად ვიყენებ მასალად ნამდვილ მარგალიტს და ძვირად ღირებულ ქვებს, ძალიან თხელ მეტალის ძაფებს ნაქარგობისთვის, კრისტალებს, მძივებს და მბზინავ წრეებს.
ძალიან მიყვარს სამაჯურები. ხშირად ვქმნი სხვადასხვა მოდელს და ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
– გაქვთ გვერდი: ELENA Design. რომელ სამკაულებზეა დიდი მოთხოვნა და ცნობილ ადამიანებს თუ აქვთ ისინი?
– დღესდღეობით ძალიან დიდი პოპულარობით გამოირჩევა გულსაბნევები. ამიტომაც მეტწილად გატაცებული ვარ „ბროშების“ შექმნით და ამოქარგვით.  რა თქმა უნდა, შიგადაშიგ ვქმნი სამაჯურებსაც. 20 წლის მანძილზე უამრავი ნაკეთობა შევქმენი და ამოვქარგე.
არ ვიცი, ატარებენ თუ არა ამ ნაკეთობებს ცნობილი ადამიანები, თუმცა ძალიან ბევრი ნამუშევარი გავყიდე საზღვარგარეთ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა :იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ამერიკის შეერთებული შტატები…
– თვითნასწავლი ხელოვანი ხართ… შეგიძლიათ თქვათ, რომ მძივებით სამკაულების აწყობა თქვენი საყვარელი საქმეა?
– შემიძლია ვთქვა, რომ ბისერი ჩემი მთავარი გატაცებაა, თუმცა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბარელიეფის შექმნაც. დასანანია, რომ საქართველოში ეს მიმართულება ძალიან ცნობადი და გამოყენებადი არ არის. ვფიქრობ, ეს მისი ფასის ბრალია, რადგან ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ძალიან დახვეწილი და გამორჩეული.
– რომელიმე ნამუშევრის შექმნის საინტერესო ამბავი. გვიამბეთ…
– მყავს ერთი ერთგული მომხმარებელი, რომელიც უკვე 6-7 წლის განმავლობაში, ყოველ წელს, უკვეთავს ჩემთან გულსაბნევს იმ ცხოველის გამოსახულებით, ვისი წელიც მოდის. წელსაც აუცილებლად  ველი მისგან შეკვეთას.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი არის ნებისმიერი ხელობა, დაწყებული ბისერის ქსოვიდან, დამთავრებული თაბაშირით.
მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი გყავთ. როგორ გიდგათ ოჯახი გვერდით? შვილებსაც ხომ არ იზიდავთ ხელნაკეთი  ნივთების დამზადება?
– ოჯახში ჩემს გატაცებას დადებითად უყურებენ. უკვე შეჩვეულები არიან. ხანდახან უკმაყოფილებას გამოხატავენ: როდესაც ვმუშაობ, სრული სიმშვიდე მჭირდება და ყურადღებას რომ არ ვაქცევ ოჯახის წევრებს, ცოტა სწყინთ ხოლმე. ბავშვებს ხომ დიდი ყურადღება სჭირდებათ.
უფროსი შვილები მყავს. მათ თავიანთი ცხოვრება, ოჯახები  და გატაცება აქვთ. ჩემი უფროსი შვილიშვილი, ჩემი შემყურე, ხანდახან ცდილობს, ბისერისგან რამის მოქსოვას. იმედი მაქვს, რომ ბისერი მის დიდ გატაცებად იქცევა და ისიც ჩემსავით შექმნის ნაკეთობებს.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ მინდა ვცადო ნახატების შექმნა, სადაც გაერთიანდება ეპოქსიდის ფისი, მოცულობითი მხატვრობა და ბარელიეფი. ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი და განსხვავებული მიმართულება იქნება.

                    

                                                                                                                          თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები