ირაკლი ღარიბაშვილი: უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისგან და რადიკალებისგან შექმნილ აჟიოტაჟში გვავიწყდება ის გამოწვევები, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა, უკრაინა ინგრევა, 20% ოკუპირებულია, პოლიგონად არის გადაქცეული და არავინ არ იცის, როდის დასრულდება ეს ომი
უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისგან და რადიკალებისგან შექმნილ აჟიოტაჟში გვავიწყდება ის გამოწვევები, რომელშიც დღეს მთელი მსოფლიოა, უკრაინა ინგრევა, 20% ოკუპირებულია, პოლიგონად არის გადაქცეული და არავინ არ იცის, როდის დასრულდება ეს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, ოპოზიცია ცდილობს პროვოკაციის და დესტაბილიზაციის მოწყობას და საუბრობენ უკრაინის მეორე ფრონტზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხალხი ყველაფერს ამას ხედავს და აფასებს. „მე ვფიქრობ ეს ასახავს რეალობას, რაც საზოგადოებაშია განწყობები. ყველა ის გაყალბებული კვლევა, რომელიც საზოგადოებამ იხილა რამდენიმე კვირის წინ, რა თქმა უნდა, იყო სამარცხვინო, ანგაჟირებული და მიკერძოებული. ეს არის ობიექტური, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი კვლევა ტარდება ქვეყანაში, მაგრამ საბოლოო კვლევები არის მაინც არჩევნები. მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, მეგობრებო. ჩვენ კიდევ ვერ ვხვდებით, ამ აჟიოტაჟში, რომელიც არის შექმნილი ამ უპასუხისმგებლო ნეოფაშისტებისგან და რადიკალებისგან და სამწუხაროდ, თქვენი მედიაც არის ჩართული, აყოლილია აი ამ პოლიტიკას, გვავიწყდება ის გამოწვევები, რომელშიც მთელი მსოფლიოა დღეს.
უკრაინა ინგრევა, 20% არის ოკუპირებული, პოლიგონად არის გადაქცეული და არავინ არ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. ჩვენ ამ დროს, ვიღაცები ცდილობენ, რომ პროვოკაციები მოაწყონ, დესტაბილიზაცია მოაწყონ, მეორე ფრონტებზე ლაპარაკობენ უკრაინის და ა.შ.. ეს არის მთავარი, ხალხი ამას ხედავს, აფასებს. მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.”,- აღნიშნა პრემიერმინისტრმა.