კულტურის სამინისტრო ჩვენი დროის გამოჩენილ ქართველ ხელოვანს – მურაზ მურვანიძეს დაბადების დღეს ულოცავს

კულტურის სამინისტრო ჩვენი დროის გამოჩენილ ქართველ ხელოვანს, საქართველოს სახალხო მხატვარს, მურაზ მურვანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.
„მხატვრის შემოქმედება მრავალსახოვანია. მისი მოღვაწეობა დაკავშირებულია სახვით ხელოვნებასთან, ქანდაკებასთან, სცენოგრაფიასთან. ბატონი მურაზის მონაწილეობით ბევრი წარმატებული სპექტაკლი დაიდგა საქართველოსა თუ უცხოეთში. სახელოვან მხატვარს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.
მურაზ (თეიმურაზ) მურვანიძემ 1965 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1988-1992 წლებში იყო პეტერბურგის მარიას თეატრის მთავარი მხატვარი, პეტერბურგის კონსერვატორიის დოცენტი (1998). 1998 წელს საერთაშორისო ასოციაცია „აბრეშუმის გზის” მთავარი მხატვარი გახდა. მუშაობდა მსოფლიოს ცნობილ საოპერო და საბალეტო თეატრებში.
მურაზ მურვანიძემ საქართველოში და საზღვარგარეთ მხატვრულად გააფორმა არაერთი საოპერო და საბალეტო სპექტაკლი: დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე” (1966), დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი” (1983), რ. გაბიჩვაძის „ჰამლეტი” (1971), ა. მაჭავარიანის „ვეფხისტყაოსანი” (1985), გუნოს „ფაუსტი” (1964), დონიცეტის „დონ პასკუალე” (1978), მუსორგსკის „სოროჩინის ბაზრობა” (1988), პროკოფიევის „მოთამაშე” (1989), „რომეო და ჯულიეტა” (1983), ვერდის „დონ კარლოსი” (1990), „რეკვიემი“ (1990), ბორის ჩაიკოვსკის „ჯავშნოსანი პოტიომკინი” (1986), ადანის „კორსარი” (1986), პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბა” (1989) და სხვ. ასევე – მუსიკალური კომედიები და ოპერეტები: ს. ნასიძის „სტუდენტები” (1965), ს. ცინცაძის „სიმღერა ტყეში” (1968), შ. მილორავას „გაბზარული ფირფიტა” (1970), „ჩანჩურა” (1976), „ძუნწი” (1981), ნ. გაბუნიას „ყვარყვარე” (1974), გ. ცაბაძის „მირანდოლინა” (1976).
მ. მურვანიძე გ. ჯაფარიძესთან ერთად არის ავტორი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ჯ. ბალანჩინის ქანდაკების (1997). ის არის ავტორი მთაწმინდის პარკის მხატვრული გადაწყვეტის. როგორც მხატვარი სიყვარულით ამბობს, „ბომბორა“ მისი „ბიჭია“.
მურაზ მურვანიძე არის საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ის (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი.
მურაზ მურვანიძის ღვაწლი არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. ის არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს საქართველოს პრესის პრიზი საუკეთესო სპექტაკლისთვის (1963); არის პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატი. 1978 წელს ნიუ-იორკის VI საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრან-პრი ფილმ-ბალეტისათვის „მწირი”; 1986 წელს ვანკუვერის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით; 2016 წელს მიიღო პრემია „საგურამო“.
პარიზში, პიერ არჟილეს ცნობილ მუზეუმში, სალვადორ დალის ნამუშევრებთან ერთად არის მურაზ მურვანიძის შესრულებული დალის პორტრეტი, რომელიც დიდი მხატვრის სიცოცხლეშივე მისი თხოვნით გამოფინეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გულითადად ულოცავს დაბადების დღეს მურაზ მურვანიძეს, უსურვებს დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები