ირაკლი ქადაგიშვილი: თუ საქართველოს პრეზიდენტმა პუტინის გადაწყვეტილება პროვოკაციად შეაფასა, მაშინ მოვუწოდებ მასაც და ყველას, რომ პროვოკაციას არ ავყვეთ
“თუ საქართველოს პრეზიდენტმა პუტინის გადაწყვეტილება პროვოკაციად შეაფასა, მაშინ მოვუწოდებ მასაც და ყველას, რომ პროვოკაციას არ ავყვეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებაზე საუბრისას “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის გადაწყვეტილებაა.
„ეს სანქცია საქართველოს მოსახლეობას რუსეთმა დაუწესა და მანვე მოხსნა. კონკრეტულად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა, ვისაც უწევს კომუნიკაცია, იქ ცხოვრობენ, ნათესავები ჰყავთ, ეს მისვლა-მოსვლა მაინც იყო და ეს მათთვის იყო ძალიან დიდი ტვირთი, დამატებითი ხარჯები, წვალება და ეს ერთგვარად კონკრეტულ ადამიანებს ეხსნებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, საქართველოს არავისთვის უთხოვია ამ მიმართულებით რაიმე შეღავათის მოცემა – ეს მათი გადაწყვეტილებაა. მეორე – თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც პროვოკაციის მოწყობა და ნებისმიერ მომენტში აგრესიის გამოხატვა შეუძლია, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ არ გადავდგათ ჩვენც იგივე ნაბიჯები, რომელიც მის ამ პროვოკაციას ან სხვა ტიპის ესკალაციას და აგრესიას შესაძლებელს ხდის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. აღნიშნულს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “მორიგი რუსული პროვოკაცია” უწოდა.