“ქართველმა ხალხმა ფაშიზმზე გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა” – 9 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები

„სოციალისტური მოძრაობა“, „ეროვნული ერთიანობის სათათბირო“ და „ერთიანი კომუნისტური პარტია “ ხვალ, 9 მაისს  გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აქციას გამართავენ. ამის შესახებ „სოციალისტური მოძრაობის“ კოორდინატორმა – თემურ ფიფიამ, „ეროვნული ერთიანობის სათათბიროს“ თავმჯდომარემ – თეიმურაზ მაკარიძემ და „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წევრმა –  ილია ლობჟანიძემ “კვირას” პრესკლუბში განაცხადეს.

“ჩვენ სამ სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოვადგენთ, ერთობლივად ხვალ 9 მაისს აღვნიშნავთ. გვექნება მსვლელობა, შევიკრიბებით კინოთეატრ “საქართველოსთან”, შეკრება 12:00 საათიდან გვექნება, 13:00 საათზე კიკვიძის ბაღის მიმართულებით მსვლელობას დავიწყებთ, სადაც საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტია და იქ გავმართავთ მიტინგს, რომელიც 9 მაისისადმი იქნება მიძღვნილი. მსვლელობა სხვადასხვა პლაკატით, მათ შორის, წითელი დროშებითაც იქნება, იქ იქნება ჩვენი მეგობარი ორგანიზაციების ატრიბუტიკა, დროშები. სხვადასხვა რაიონიდან ველოდებით რამდენიმე ასეულ ადამიანს, 9 მაისი უდიდესი დღესასწაულია ქართველი ხალხისთვის, რადგანაც საქართველომ, ქართველმა ხალხმა ფაშიზმზე გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. შევახსენებთ მოსახლეობას, რომ მაშინ საქართველო, ქართველი ხალხი სხვა მოძმე ხალხებთან ერთად იცავდა სოციალისტურ სისტემას, რომელსაც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი. ჩვენს მოსახლეობას შევახსენებთ, რომ მაშინ ქანთარიამ რაიხსტაგის თავზე წითელი დროშა აიტანა, რომელზეც კომუნისტური საბჭოთა სიმბოლიკა იყო გამოსახული, რომელიც დღეს აკრძალულია  “თავისუფლების ქარტიით”, რაც არავითარ შემთხვევაში არ ჯდება იმ დემოკრატიულ ჩარჩოების ფარგლებში, რომელიც დღეს მუშაობს და მოქმედებს საქართველოში.
მივიღებთ განცხადებას უკრაინელი ხალხისადმი,   სადაც მივმართავთ უკრაინელებს, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, მივმართავთ, რომ გადახედონ საქართველოს პოსტსაბჭოთა ისტორიას, უკრაინელი ხალხის, უკრაინის პოსტსაბჭოთა ისტორია პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიას იმეორებს. შევახსენებთ უკრაინელ ხალხს, რომ 2003 წელს საქართველოში, ისევე – როგორც დღეს უკრაინაში, საქართველოს ხელისუფლებაში პროფაშისტური ხელისუფლება მოვიდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო რუსეთისთვის დაეჯახებინა და ყველა ღონეს მიმართა იმისათვის, რომ პროვოკაცია მომხდარიყო ცხინვალის მიმართულებით, ჩვენ, ქართველი ხალხი, საქართველო საომარი მოქმედებებით რუსეთთან, ჩვენს დიდ მეზობელთან დაგვაჯახა. იმავე მდგომარეობაში ხართ თქვენ, უკრაინელები, მოგიწოდებთ – გათავისუფლდეთ თქვენი ხელისუფლებისგან, რომელიც არ წარმოადგენს თქვენი ხალხის ინტერესს. მეორე დოკუმენტი, რასაც მივიღებთ, იქნება განცხადება შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. მთავარი შინაარსი ისაა, რომ საქართველოში პროფაშისტური, ულტრამემარჯვენე რევანშის საფრთხე არსებობს. ამას გამალებით ამზადებს პროამერიკული პლატფორმა, საქართველოს მოღალატეები, რომელსაც მხარს უჭერს ვაშინგტონი და ბრიუსელი. 2024 წლის არჩევნებისთვის გადატრიალებას ამზადებენ, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა, რათა ამ საფრთხის ნეიტრალიზაცია მოხდეს”, – განაცხადა ფიფიამ.

“კვირას” განმარტებაზე, რომ “თავისუფლების ქარტია
საქართველოს კანონია, რომელშიც წერია:

“კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია − ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა;
კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს”, ფიფიამ უპასუხა, რომ საბჭოთა პერიოდში მილიონობით ადამიანის დახოცვაზე საუბარი ანტისაბჭოთა პროპაგანდაა.

“თქვენ კარგად აღნიშნეთ, ამას სხვა არ აქცევს ყურადღებას , “თავისუფლების ქარტიით”, არა მხოლოდ კომუნისტური სიმბოლიკაა აკრძალული, არამედ იდეოლოგიაც, მეორემ მხრივ, ფაშისტური იდეოლოგიაც. ფაშისტური იდეოლოგია ისედაც აკრძალულია. “თავისუფლების ქარტია” მიმართულია, პირველ ყოვლისა, კომუნისტური იდეოლოგიის და სიმბოლიკის წინააღმდეგ. ეს კანონი იმიტომაა მიღებული, რომ აკრძალონ კომუნისტური და არა ფაშისტური სიმბოლიკა. რაც შეეხება იმას, რომ საბჭოთა პერიოდში მილიონობით ადამიანი დახოცეს და ა.შ ეს ანტისაბჭოთა, პროამერიკული პროპაგანდაა”, – განაცხადა ფიფიამ.

“კვირას” რეპლიკაზე, რომ საბჭოთა რეჟიმის მიერ მასობრივი მკვლელობები, ადამიანების განადგურება და წამება ფაქტია, ისტორიაა, ფიფიამ უპასუხა, რომ “1937 წელი არის ყბადაღებული წელი, როცა მოხდა რეპრესიები, მაგრამ ეს ომის წინ იყო”.
“ეს არ არის ფაქტი, 1937 წელი არის ყბადაღებული წელი, როცა მოხდა რეპრესიები, მაგრამ, ეს ომის წინ იყო. ძალიან აბუქებენ ამ პერიოდს, ამ პერიოდში, 30 წლის განმავლობაში 660 ათასია რეპრესირებული, დახვრეტილი. მათ შორის ბევრი რეციდივისტი, მკვლელი, პოლიტიკური ნიშნით მცირეა. ამას დროს აღარ დავუთმობ, რადგან ეს არ არის თემა, რომლითაც მოსახლეობის წინაშე უნდა გამოვიდეთ. ეს არის თემა, რომლითაც ფარავენ იმ მდგომარეობას, რაშის დღეს მოსახლეობაა. მოსახლეობა შიმშილობს. ეს არის თემა, რომლითაც კაპიტალიზმის წინაშე სოციალიზმის უპირატესობას ფარავენ.
საქართველოს მოსახლეობა არის 3 მილიონ 700 ათასი, საბჭოთა პერიოდი რომ გაგრძელებულიყო, ყველზე მცირე მონაცემებით, 8-9 მილიონი უნდა ვყოფილიყავით. სადაა ეს 5 მილიონი? ეს შეიწირა დღევანდელმა სისტემამ. ეს პასუხი გამოაქვეყნეთ თქვენს კითხვასთან ერთად.
რაც შეეხება “თავისუფლების ქარტიას” – ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. “ერთიანი კომუნისტურ პარტიას რეგისტრაცია აქვს. ჩავატარეთ ყრილობა. მივიღეთ წესდების ახალი რედაქცია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა. მეორე მხრივ, აკრძალულია იდეოლოგია და სიმბოლიკა. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს – არ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, მოვიდნენ გამარჯვების დროშით, თუ ვინმე მოვა დროშით, ის მისი პირადი საკუთრება იქნება. ჩვენს საკუთრებაში გამარჯვების დროშა არ გვაქვს. ჩვენ დავიცავთ კანონმდებლობას, ვიქნებით კონსტრუქციულები”, – განაცხადა ფიფიამ.

ილია ლობჟანიძის თქმით, აქციაზე ვეტერანებიც იქნებიან.

“მინდა, ყველა დავპატიჟო ხვალ, 9 მაისს, 12 საათზე კინო “საქართველოსთან”, საიდანაც 13:00 საათზე მსვლელობას დავიწყებთ, იქნებიან ვეტერანები, ომის შვილები, ჩვენი თანამოაზრეები, ადამიანები, რომლებიც აღიარებენ და ხედავენ იმ დიდი გამარჯვების მასშტაბებს, რომელიც 78 წლის წინ მოვიპოვეთ. მინდა, შევეხოთ იმ დაწყებულ კამპანიას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტის მიერ დაიწყო და პროფაშისტურია, 2019 წელს მან თქვა, რომ, თურმე, ორივე მხარეს მებრძოლი ქართველები ერთნაირად დასაფასებლები არიან, თურმე, “გამარჯვების პარკს” დანიშნულება უნდა შეეცვალოს.
ასევე მინდა, შევეხო იმ საკითხს, რომ საქართველოში ძმათა სასაფლაოებია, რომელიც მიტოვებულია, იკარგება, იძარცვება, ჩვენ, როგორც გამარჯვების ერთ-ერთი მომპოვებლები, ვალდებულები ვართ, მივხედოთ იმ სხვა მოძმე ერების საფლავებსაც, რომელიც ჩვენს მიწაზე არიან ჩამოსვენებულები. ასევე მინდა, მოვთხოვო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენი ამხანაგი პარტიზანი მებრძოლები ჰყავდათ, მიხედონ ჩვენი თანამემამულეების საფლავებს, მემორიალებს”, – განაცხადა ლობჟანიძემ.

თეიმურაზ მაკარიძის თქმით, მაშინდელმა ვაჟკაცებმა, ქართველებმა თავის მამულის გასათავისუფლებლად თავი დადეს.
“გაჟღერდა მოწოდება, რომ 9 მაისს ვიკრიბებით “კინო საქართველოსთან”. ჩვენი ორგანიზაციით და თანამოაზრეებით ამ აქციას ვუერთდებით, რადგანაც მე სამამულო ომში 2 გარდაცვლილი მყავს: მამაჩემის მამა, ქერჩში დაღუპული და დედაჩემის მამა, სამხრეთ საფრანგეთში დაღუპული. ეს იმის მაუწყებელია, რომ მაშინდელმა ვაჟკაცებმა, ქართველებმა თავი დადეს როგორც თავის მამულის გასათავისუფლებლად, ასევე, ევროპის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოს გასათავისუფლებლად, რომელიც ვახსენე – საფრანგეთის”, – განაცხადა მაკარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები