რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

4-5 მაისს, თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ ანკარაში გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 61-ე სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სესიის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა „პარლამენტის დიპლომატიის როლი მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.“

4 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის სახელით რამაზ ნიკოლაიშვილმა დელეგატებს სიტყვით მიმართა:

„საქართველო, როგორც ბისეკის და პაბსეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა დიდად არის დაინტერესებული ამ ორი ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებითა და წევრ ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებით.

სამწუხაროდ, მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მცდელობებისა ჩვენ ვდგავართ ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე, კერძოდ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს არამარტო გაეროს არამედ თავად ბისეკის და პაბსეკის ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების აშკარა დარღვევას. ეს ორგანიზაცია ისწრაფვის, რომ შავი ზღვის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეგიონად, როგორც ეს ბისეკის ქარტიაშია აღნიშნული. თუმცა მიმდინარე ომსა და ჰუმანიტარულ კრიზისს უკრაინაში მივყავართ დამანგრეველ შედეგებამდე ჩვენს რეგიონში.

ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები არა მხოლოდ აფერხებს შავი ზღვის რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს, არამედ ძირს უთხრის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურას. ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა საერთო გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე.“

ზედიზედ მეორედ ასამბლეამ, საქართველოს დელეგაციის ჩათვლით, მხარი არ დაუჭირა რუსეთის ფედერაციის ეროვნული დელეგაციის წევრებისათვის მანდატების დამტკიცების საკითხს.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან მუსტაფა შენტოფთან, სადაც განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრა ასევე გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის ეროვნული დელეგაციის ხელმძღვანელთან ანა პურტოვასთან. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. რამაზ ნიკოლაიშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით  კიდევ ერთხელ გამოთქვა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები