“თითქმის სრული განიარაღება მოხდება” – სერბეთის პრეზიდენტი იარაღის ტარების უფლებას ამკაცრებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის ტარება გამკაცრდება.

ამის შესახებ RTS იტყობინება.

მისი თქმით, ყველა, ვინც იარაღის ტარების უფლებას ფლობს, შემოწმებას გაივლის. ასევე, იარაღის უკანონო ტარებისთვის ჯარიმები გაორმაგდება.

გარდა ამისა, იარაღის მფლობელებს ყოველ ექვს თვეში და წელიწადში ერთხელ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, ასევე, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური გამოკვლევა.

“ჩვენ განვახორციელებთ სერბეთის თითქმის სრულ განიარაღებას. რაც ნაკლები იარაღი იქნება, მით ნაკლები იქნება საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა ვუჩიჩმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რომ უკანონოდ იარაღის მფლობელებმა ის ჩააბარონ.

4 მაისს მლადენოვაცში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „სკოლაში ჩვენს შვილებზე სროლის შემდეგ, განმეორებითი მასობრივი კრიმინალური თავდასხმა ყველაზე, ვინც შემთხვევით ადგილზე იყო – არის მთელ ქვეყანაზე თავდასხმა”.

მისი თქმით, 21 წლის თავდამსხმელი, უროშ ვლაჟიჩი თავისუფლებაზე აღარ გამოვა.

სერბეთში ბოლო ორ დღეში ორი შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ერთის შემთხვევაში სკოლაში ცეცხლი 14 წლის მოზარდმა გახსნა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 ბავშვია; ხოლო მეორე თავდასხმა 21 წლის უროშ ვლაჟიჩმა ჩაიდინა – 8 დაღუპული და რამდენიმე დაშავებულია, მათ შორის ბავშვებიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები