უკრაინელმა სამხედროებმა საკუთარი დრონი ჩამოაგდეს, რასაც კიევთან, სავაჭრო ცენტრში ხანძარი მოჰყვა
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ 4 მაისს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 20:00 საათზე კიევის რეგიონში, გეგმური ფრენის დროს, დრონი – Bayraktar TB2 ჩამოაგდეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების მიზეზი გახდა ის, რომ მან კონტროლი დაკარგა და დედაქალაქის ცაში მისი უკონტროლო ფრენა საფრთხის შემცველი იყო.
“სამწუხაროა, მაგრამ ეს ტექნიკაა და ასეთი შემთხვევებიც ხდება. სავარაუდოა, რომ ტექნიკურ გაუმართაობაზეა საუბარი, მიზეზები დგინდება”, – ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამში დაწერა, ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტები ქალაქის დასავლეთით მდებარე სავაჭრო ცენტრს მოხვდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
მისი ინფორმაციით, 4-სართულიან შენობაში ხანძრის ფართობი, დაახლოებით, 50 კვადრატული მეტრი იყო. აფეთქების ტალღამ დააზიანა მაღაზიის ვიტრინები და შენობის გარე ელემენტები.