ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მუნიციპალური სოციალური სერვისების მონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იფორომაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საპილოტე მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომის დანერგვას. 9-თვიანი პროექტის განმავლობაში, პროექტის ექსპერტთა გუნდი იმუშავებს სამ – ბოლნისის, ახალციხისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებთან, რათა დაეხმაროს მათ მუნიციპალური სოციალური პროგრამებისთვის სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებაში, საჭიროებების გამოვლენასა და ადგილობრივი თემის ჩართულობით პროგრამების დაგეგმვაში.

პროექტის ფარგლებში ასევე დამატებით შემუშავდება მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის ინსტრუმენტები, სამოქმედო ინსტრუქციები, საპილოტე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ სამუშაო ჯგუფებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და ადგილზე სწავლებები. მუნიციპალიტეტები ასევე მიიღებენ ინფორმაციას როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების და გამოცდილების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმებამდე დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და პროექტის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოციალური პროგრამებით ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია. ჩვენ ვცდილობთ, აღნიშნული პროგრამები მეტად ინკლუზიური და ყველა მოწყვლად ჯგუფზე მორგებული გავხადოთ და ამ მიზნის წარმატებით შესრულებაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციის პროექტი უდავოდ დაგვეხმარება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა მსგავს პროექტებში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას კი მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები