„ლარის კურსის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, ის 2,4 -ის ნიშნულზე იქნება“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძემ ლარის გამყარების ფაქტორებზე ისაუბრა.
„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის შედეგია. ეს, პირველ ყოვლისა, ქვეყანაში სავალუტო ბალანსისა და საგადამხდელო ბალანსის მაჩვენებელია. თუ უმჯობესდება საგადამხდელო ბალანსი და, შესაბამისად, სავალუტო ბალანსიც, ბუნებრივია, ეს ლარის კურსზე პოზიტიურად აისახება და ლარი მყარდება. თუ ეს საწინააღმდეგო ტრენდია, ლარი უფასურდება.
ვხედავთ, რომ უკვე, ფაქტობრივად, გასული წლის ზაფხულიდან ლარს შეუქცევადი გამყარების ტრენდი აქვს. ლარის გამყარების მაჩვენებელი დაახლოებით 22 %-ს ასცდა. ჩვენ პროგნოზი იყო, რომ წლის პირველ კვარტალში კურსი 2, 5 -ზე დავიდოდა. უკვე ვხედავთ, რომ 2, 5-ს ჩამოსცდა და დღევანდელი ტენდენციით 2, 4 ნიშნულამდე მიდის. ვგულისხმობ უახლოეს 1-2 თვეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეორე კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება და ამ ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი გაზრდილი ექსპორტია, აღნიშნული მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს ლარის კურსზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება. საუბარი არ არის იმაზე, რომ ლარი აპრილში, ან მაისში გამყარდება, მას ფუნდამენტური ფაქტორები გაამყარებს. ეს ფაქტორებია: ექსპორტი, ინვესტიციები, ტურიზმი. შარშან ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, 2 მილიარდს ასცდა, ეს ბოლო 2 წელიწადში ისტორიული მაჩვენებელია. ტურიზმი არათუ აღდგენილია 2019 წლის დონემდე, არამედ მარტის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლები უფრო მაღალია. ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილები. ამას თუ ზაფხულის სეზონურ ფაქტორს დავუმატებთ, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, 2,4 -ის ნიშნულზე იქნება, შეიძლება, მეორე კვარტალში ქვემოთაც დაიწიოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.