NDI: გამოკითხულთა 30%-ის მიერ პრემიერის საქმიანობა კარგად ფასდება, ხოლო პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად 17% აფასებს

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა თანაბარი ოდენობა 43-43% აფასებს კარგად და ცუდად, 11%-მა კი არ იცის. კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.

რაც შეეხება პარლამენტის, პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობის შეფასებას, დოკუმენტის თანახმად, გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 41% საშუალოდ, 28% კი ცუდად.

პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 30% აფასებს კარგად, 31% საშუალოდ, 28% კი ცუდად. პარლამენტის საქმიანობას კი 13% აფასებს დადებითად, 30% საშუალოდ; 37% კი, ცუდად.

კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ახალგაზრდებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა. პრემიერის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორისაა, ხოლო პარლამენტისადმი დამოკიდებულება პარტიულ სიმპათიებთან არის კავშირში. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.

კითხვაზე: „გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამიანების შეხედულებებს?“ 38% ფიქრობს, რომ ეთანხმება, 51% მიიჩნევს, რომ არ ეთანხმება. NDI-ის კვლევის მიხედვით, უმეტესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს.

ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები