ComCom-ის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ონლაინ დისკუსიაში ტელეკომ სექტორის განვითარებაზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ, ტელეკომ სექტორის განვითარებისა და არსებული გამოწვევების შესახებ, ონლაინ დისკუსიაში „ციფრული ტრანსფორმაცია და საქართველო“ ისაუბრა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს.

„შეხვედრის ფარგლებში, მან ICT კლასტერის ბორდის წევრსა და ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმის თანადამფუძნებელთან, დავით კიზირიასთან ერთად, ტელეკომის სფეროში არსებული ის ტენდენციები განიხილა, რომელთაც გავლენის დიდი პოტენციალი აქვთ როგორც ინდუსტრიაზე, ასევე ფართო საზოგადოებაზე. გარდა ამისა, ისაუბრა საქართველოს პოტენციალზე გლობალურ პროცესში და ქვეყნის სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების პერსპექტივებზე.

ეკატერინე იმედაძემ ყურადღება გაამახვილა ტელეკომ სექტორის განვითარებაში კომუნიკაციების კომისიის როლზე, ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ტელეკომ ბაზრის გახსნა და მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ბაზარზე შესვლის აუცილებლობა, ასევე საქართველოს პოტენციალზე, გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი. – „კომუნიკაციების კომისიის ამოცანაა, დარგის ექსპერტულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეასრულოს ხელშემწყობის, ფასილიტატორის როლი, რაც გულისხმობს ისევ და ისევ საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს ჰარმონიზაციას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნა, ინფრასტრუქტურაზე დაშვება და ინფრასტრუქტურის გაზიარება” – განაცხადა მან და დაამატა, რომ ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ზრდა, კომუნიკაციების კომისიის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ონლაინ დისკუსია „ციფრული ტრანსფორმაცია და საქართველო“ საქართველოს ICT (ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიის) კლასტერის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები