“უკრაინამ ნატო-ს სტანდარტების თითქმის 20% უკვე დანერგა”- ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ალიანში წევრობისთვის არ არის საჭირო ბლოკის გარკვეული სტანდარტების რაოდენობის შესრულება, რადგან, მისი განმარტებით, ეს სტანდარტები ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდუალურად მუშაობს.
ამის შესახებ რეზნიკოვმა პრესკონფერენციაზე თქვა.
„ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც ადრე გვეგონა, არ არის საჭირო სტანდარტების გარკვეული რაოდენობა”, – თქვა მან.
რეზნიკოვის განმარტებით, “ქვეყნებმა, რომლებმაც 1997 წლიდან ნატოს წევრობის სტატუსი მიიღეს, ალიანსის 1200 სტანდარტიდან საშუალოდ 31% დანერგეს. ასევე, არის ქვეყნები, რომლებმაც, დაახლოებით, 2% დანერგეს. რატომ? ჯერ ერთი, გამოდის, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანას არ სჭირდება ყველა სტანდარტი. ჩვენ უკვე ნატოს სტანდარტების, დაახლოებით, 20% გვაქვს, მიღებულია სამართლებრივი აქტების, დაახლოებით, 28% და მე უკვე მაქვს პარტნიორებთან 180 სტანდარტზე შეთანხმება, რომელიც უკვე ვიცით და შეგვიძლია, დავნერგოთ. ანუ, ავდივართ 35-დან 40%-მდე. ეს არ არის ფუნდამენტური ამოცანა“.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ალიანსში გაწევრიანებისთვის არსებობს სამი ბლოკი, რომლებსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვთ.
“კერძოდ, ხორციელდება თუ არა ქვეყანაში შეიარაღებულ ძალებზე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებზე სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლი – რაც უკრაინაში უკვე არის; სააღსრულებო პროცედურების ტრანსპარენტულობა, გამჭვირვალობა, სიცხადე და ანგარიშვალდებულება; სამხედრო ოპერაციების ერთობლივი დაგეგმვა. ჩვენი სამხედროები ამ საკითხს წარმატებით უმკლავდებიან”, – თქვა მინისტრმა.