ირაკლი მეძმარიაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი მეძმარიაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარის მოადგილეს, ადილ ალიევს შეხვდა. ირაკლი მეძმარიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, რომელიც მილი მეჯლისში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს, საქართველოში სპორტის განვითარების და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ სპორტი და ახალგაზრდობის საკითხები ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ბოლო პერიოდში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და, ამ კუთხით, ანტიდოპინგური კანონმდებლობის მიღების საკითხსა და ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციაზე ესაუბრა. ასევე, „თავდაცვის კოდექსში” ცვლილებები გააცნო, რომლის თანახმადაც პერსპექტიული და პროფესიონალი სპორტსმენებისთვის სამხედრო სამსახურის გავლისთვის გარკვეული შეღავათები წესდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. ირაკლი მეძმარიაშვილმა და ადილ ალიევმა საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, ორმხრივი ვიზიტების გამართვის საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები