ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა კიევს თითქმის ყველა დაპირებული სამხედრო ტექნიკა გადასცეს – 1550 ჯავშანტრანსპორტიორი და 230 ტანკი, ასევე, “დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა”.
„უკრაინისთვის დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%-ზე მეტი სარდლობას უკვე გადაეცა“, – განაცხადა მან ლუქსემბურგის პრემიერმინისტრთან, ხავიერ ბეტელთან ერთობლივ ბრიფინგზე.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული ტექნიკის და აღჭურვილობის გათვალისწინებით, უკრაინის არმიას აქვს საჭირო ტექნიკური შესაძლებლობები რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის სატელეფონო საუბარი.
მისი თქმით, ნატო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ორმა ლიდერმა ომის დაწყებიდან პირველად ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ ჩინეთს საჯაროდ ჯერ არ უთქვამს, რომ გმობს კრემლის შეჭრას.