“უკრაინა გახდება ნატოს წევრი, თუმცა, მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ” – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ​ნატო-ს შეუძლია, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტი, მაგრამ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ომის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი.

ამის შესახებ ERR წერს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ყველაზე მეტად აწუხებს საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდების, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

“უკრაინელებმა განაცხადი შეიტანეს და ნატო-მ უნდა უპასუხოს ამ განაცხადს. თუ საუბარია უკრაინის უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის გარანტიების მიცემაზე, მაშინ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს – ნატო-ში გაწევრიანებაა”, – თქვა მან.

კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, უკრაინას წევრობის მკაფიო პერსპექტივა მისცენ, მაგრამ – ომის დასრულების შემდეგ.

„ჩვენი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ მოკავშირეები, თუ რატომ უნდა მიენიჭოს უკრაინას ომისშემდგომი პერსპექტივა, რომ ეს სიგნალები იყოს ნათელი. და, მეორე მხრივ, ჩვენ ვეუბნებით უკრაინას, თუ რა უნდა გააკეთონ თავიანთ საქმეში, რიტორიკაში ან დარწმუნებაში, რომ ამ მიმართულებით გადაადგილება გააგრძელონ“, – განმარტა კალასმა.

გარდა ამისა, კალასმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიიღო თუ არა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების წინადადება.

კაია კალასის თქმით, მისთვის მსგავსი წინადადება ჯერ არავის გაუკეთებია, ინფორმაციას კი იმის შესახებ, რომ შეიძლება, საერთოდ განიხილებოდეს ამ თანამდებობაზე – მედიიდან იგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები