ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთული საერთაშორისო დღის წესრიგი, რომელიც გამოხატულია კონკრეტულ შეხვედრებსა და ვიზიტებში

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, დატვირთული საერთაშორისო დღის წესრიგი, რომელიც გამოხატულია კონკრეტულ შეხვედრებსა და ვიზიტებში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“იცით, რომ ძალიან კარგი ვიზიტი ჰქონდა ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრს. სწორედ ამ ყველაფრის გაგრძელებაა ასეთი მაღალი დონის ვიზიტები, რომელიც განხორციელდება საქართველოში. ყველა ეს შეხვედრა მიმართულია ერთი მიზნისკენ – ეს არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ყველას ვესაუბრებით იმას, რომ გვაქვს სერიოზული პროგრესი. პრაქტიკულად, დასრულებული გვაქვს 12 რეკომენდაციის აღსრულება. ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ დადებითი შეფასება იყოს მიღებული. გვესმის ისიც, რომ ეს გადაწყვეტილებები იქნება პოლიტიკური, თუმცა რეკომენდაციებისა და რეფორმების თვალსაზრისით საქართველო სრულად მზად იქნება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა 28 აპრილს საქართველოს ვიზიტით ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები