თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ და მისმა ადმინისტრაციამ უარყვეს გავრცელებული ხმები, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი გულის შეტევა გახდა.
მათ განცხადებებს Anadolu ავრცელებს.
კერძოდ, “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიის ლიდერის მოადგილემ და სპიკერმა, ომერ ჩელიკმა თქვა, რომ ინტერნეტში ერდოღანის ჯანმრთელობის შესახებ “ამორალურად ყალბი ცნობები” ვრცელდება.
მან თქვა, რომ პრეზიდენტი აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და, ერთდღიანი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდება დაგეგმილ განრიგს. ასევე, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ერდოღანს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
ერდოღანის სპიკერმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს, პრეზიდენტს კამპანიაში პაუზის აღება მოუწია და რომ ის ინფარქტით არის ჰოსპიტალიზებული – სიმართლეს არ შეესაბამება.
„კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო განცხადებებს პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ… ხვალ პრეზიდენტი ვიდეოკავშირით მიიღებს მონაწილეობას ატომური ელექტროსადგურის გახსნაში. არავითარი დეზინფორმაცია არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი თავის ლიდერთან ერთად, 14 მაისის არჩევნებში გამარჯვებისკენ მიისწრაფვის“, – განაცხადა ერდოღანის სპიკერმა.
ერდოღანის ავადმყოფობის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ორი დღის წინ, Ulke TV-სა და Kanal 7-ის ერთობლივი პირდაპირი ეთერის დროს თურქეთის ლიდერი შეუძლოდ გახდა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის გრაფიკის გამო, ეთერის გადადება ჯერ 1,5 საათით გახდა საჭირო, დაწყებიდან მალევე კი, მდგომარეობის გაუარესების გამო, 10 წუთით შეწყდა.
ეთერში დაბრუნების შემდეგ, ერდოღანმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ბოლო ორი დღე ძალიან დატვირთული იყო და რომ მას კუჭთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
“რაღაც მომენტში ვფიქრობდი, სწორად გამიგებდნენ თუ არა, რომ გადაცემაში მონაწილეობა გამეუქმებინა. მაგრამ იყო დაპირება. ბოდიშს გიხდით თქვენ და მაყურებელს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ, მან კიდევ რამდენიმე კითხვას უპასუხა და გადაცემა დასრულდა.