გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი დაემატება
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომხსენებელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვახტანგ ყოლბაიამ პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გააცნო კომიტეტის წევრებს.
მისი განმარტებით, გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი დაემატება.
„აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებით, მინისტრის აპარატს მიეცემა შესაძლებლობა, მინისტრის აპარატის პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო რესურსების გამოყენებით, ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის სამშვიდობო ინიციატივების, ქართულ–აფხაზური ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის, საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების, სახელმწიფოებრივი და/ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამებისა და სოციალური პროექტების, ასევე სხვა კონკრეტული მიზნების განხორციელებისათვის გასცეს მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით“, – განმარტა ვახტანგ ყოლბაიამ.