მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა საჯარო სექტორში დისტანციური მუშაობისთვის ეფექტიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე ანგარიში განიხილა

დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „საჯარო სექტორში დისტანციური მუშაობისთვის ეფექტიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის შესახებ” ეფექტიანობის ანგარიში განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, აუდიტის პერიოდში გამოვლენილი მიგნებების და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია ჯგუფის წევრებს ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ გააცნო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის მიზნით მიღებული მმართველობითი გადაწყვეტილებები და მათი განხორციელების ეფექტიანობა პანდემიის პერიოდში. აუდიტის პერიოდმა მოიცვა 2019-2020 წლები. აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ 3 მიგნებასთან დაკავშირებით 2 რეკომენდაცია გაიცა.

„აუდიტის სამსხურმა გასცა 2 რეკომენდაცია: IT სერვისების უწყვეტობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნას მმართველობითი სისტემა სათანადო უფლებამოსილების, კვალიფიკაციისა და უფლებამოსილების მქონე პერსონალით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სერვისების უწყვეტობის მართვის პროცესში შესაბამისი აქტივობების დაგეგმვაზე და განხორციელებაზე. ასევე გადაიდგას საწყისი ნაბიჯები სერვისების უწყვეტობის დასამუშავებლად და განხორციელდეს რეგულარულად შეუსაბამობების ანალიზი IT სერვისების უწყვეტობასთან მიმართებით. ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების დასაზღვევად შემუშავდეს პოლიტიკა ან პროცედურა, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დროული ლიცენზირება”,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით აუდიტის ობიექტებთან არსებობს თანხმობა და შემუშავდება სამოქმედო გეგმები. გამოვლენილ მიგნებებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით აუდიტის ობიექტების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განმარტებები. „აუდიტის მიგნებებს და რეკომენდაციებს ეთანხმებიან სამინისტროები და უწყებები და მზად არიან წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და მადლობას გიხდით ყველას, რომ თანამშრომლობთ და მზად ხართ შევასრულოთ ეს რეკომენდაციები”,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა პაატა კვიჟინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები