„ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტებია:
1. „ვეფხისტყაოსნის“ ბრაილის შრიფტით დაბეჭდვა“.
ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი“.
პროექტი ითვალისწინებს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას ბრაილის შრიფტით. ბოლოს ასეთი წიგნი 1966 წელს გამოიცა და დღემდე შემორჩენილია მისი მხოლოდ ორი ეგზემპლარი. ამჟამად წიგნი დაიბეჭდება სწორედ 1966 წლის გამოცემის მიხედვით.
2. „მწერლობა – დიალოგი წარსულთან“.
ა(ა)იპ ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი „ართ ჰოლი+“.
პროექტი ითვალისწინებს ორი ღონისძიების (რევაზ ინანიშვილის საღამო და ქართველი პოეტების საღამო) გამართვას. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 35 ახალგაზრდა (მათ შორის – შვიდი შშმ პირი). ლიტერატურული საღამოები გაიმართება სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში.
3. „ინკლუზიური პროგრამა – ფიროსმანის დღე ეროვნულ გალერეაში“.
სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფი (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი).
პროექტის მიზანია, ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის ახალი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომისა და სხვა სენსორული თუ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთათვის (შემუშავდება ახალი საგანმანათლებლო პროგრამის ტექსტური მასალა; შეიქმნება სპეციალური, სათანადოდ აღჭურვილი სენსორული კუთხე; გალერეის ყველა თანამშრომელი დაესწრება სპეციალურ ტრენინგს; გამოიცემა სახელმძღვანელო გალერეაში მიღებული შემეცნებითი ცოდნის გაღრმავების მიზნით; შეიქმნება ონლაინთამაში ფიროსმანის კოლექციისა და მისი თანამედროვე თბილისის შესახებ.)
4. „შემოქმედებითი ინტეგრაცია“.
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
პროექტი ითვალისწინებს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი ინკლუზიური სპექტაკლის – „ყოფნა-არყოფნა“ – დადგმას. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ და წარმოდგენას მხატვრულად გააფორმებენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები (მათ შორის – ორი შშმ პირი) და აკადემიის სამკერვალო სტუდიის მოსწავლეები. სპექტაკლში ასევე მონაწილეობას მიიღებენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინკლუზიური ქორეოგრაფიული დასის შშმ წევრები. პრემიერა გაიმართება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დარბაზში.
5. „ინტერაქტიური კონცერტი პარაორკესტრის მონაწილეობით“.
ა(ა)იპ „მშობელთა ხიდი“.
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, 14 ივნისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება კონცერტი პარაორკესტრისა და ორი ახალგაზრდა მუსიკოსის მონაწილეობით. კონცერტს ეყოლება ორი წამყვანი (მათგან ერთი – შშმ პირი). აჟღერდება კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებები და პოპულარული ჯაზური კომპოზიციები.
6. „თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია“.
ა(ა)იპ აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი „ჰერა“.
პროექტის ფარგლებში ორი პროფესიონალი მსახიობისა და ორი შშმ პირის მონაწილეობით ჩაწერენ კონსტანტინე გამსახურდიას პიესის – „დავით აღმაშენებელი“ – და მწერალ გურამ ბათიაშვილის მიერ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ შექმნილი პიესის – „რომა და ჯულია“ – მიხედვით მომზადებულ აუდიოსპექტაკლებს.
7. „ინკლუზიური სპექტაკლი „ზღვის კარიბჭე“.
ა(ა)იპ „ნიკე – თანამედროვე ხელოვნების განვითარებისათვის“.
სპექტაკლი „ზღვის კარიბჭე“ ირა კოხრეიძის თეატრალური დასის მერვე საავტორო სპექტაკლია. მასში მონაწილეობას მიიღებს თეატრის მთელი დასი (16 შშმ პირი და რვა პროფესიონალი მსახიობი). სპექტაკლში გამოყენებული იქნება მიმოდრამული და ქორეოგრაფიული თხრობის სტილი.
8. „პატარა უფლისწული“.
ა(ა)იპ სტუდია „ასტეროიდი“.
პროექტი ითვალისწინებს ვიდეოსპექტაკლის – „პატარა უფლისწულის“ დადგმა-გადაღებას. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული შშმ ახალგაზრდები და მათი სამეგობრო წრე. თეატრალურ დადგმაში მონაწილეობას მიიღებს 10 მოყვარული მსახიობი (მათ შორის – ექვსი შშმ პირი).
კონკურსის ბიუჯეტი 120 000 ლარს შეადგენდა და სამინისტროს დაფინანსებისათვის 22-მა განმცხადებელმა მომართა.
კონკურსი – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2022 წელსაც გამოაცხადა და მაშინ მისი ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. 2022 წელს სამინისტრომ 14 კონკურსანტიდან ხუთი გამარჯვებული გამოავლინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები