მწერალი რეზო ჭეიშვილი დღეს 90 წლის გახდებოდა
ქართველი მწერალი და კინოდრამატურგი რეზო ჭეიშვილი დღეს 90 წლის გახდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს რეზო ჭეიშვილის ღვაწლსა და ხსოვნას.
„რეზო ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წელს. 1952 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მე-8 საშუალო სკოლა, 1959 წელს კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1961 წლიდან 1992 წლამდე რეზო ჭეიშვილი იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის” რედაქტორი, სასცენარო კოლეგიის წევრი, შემოქმედებითი გაერთიანების წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამავე პერიოდში მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის” რედაქციაში. 1985 წლიდან იყო ალმანახ „საუნჯის” მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1987 წელს დაინიშნა ჟურნალ „განთიადის“ მთავარ რედაქტორად. იმავე პერიოდში (1987 წელს) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი „მოწამეთა“, შემდგომ – ილუსტრირებული ჟურნალი „მწვანეყვავილა“.
1992 წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, შემდეგ – თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
1997-98 წლებში მწერალი იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
2000 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა ლიტერატურულ ფონდს.
რეზო ჭეიშვილის პირველი მოთხრობები 1958-1959 წლებში გამოქვეყნდა უნივერსიტეტის ალმანახ „პირველი სხივისა” და ჟურნალ „ცისკრის“ ფურცლებზე.
მოგვიანებით გამოიცა მწერლის მოთხრობათა კრებულები: „ბზიანეთი” (1962), „წლევანდელი ზაფხული წყალტუბოში” (1968), „კვამლი” (1982), „ცისფერი მთები” (1983); რომანები: „ჩემი მეგობარი ნოდარი” (1966; ახალი რედაქცია – „ქალაქში დინოზავრები დადიან”, 1974), „დალი” (1976), „მუსიკა ქარში” (1982).
რეზო ჭეიშვილი სატირულ-იუმორისტული პროზის ოსტატია, იყენებს გროტესკს, სარკაზმს, ირონიას. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მოთხრობები: „ალ-რაზაკის სიკვდილი“, „ძეგლი“, „პაპიაშვილის ბრალდების საქმე“, „მიწების განაწილება“, „რასემონი“, „ვაიმე, ჩემო ვენახო“, „მეოთხე სიმფონია“ და სხვ. მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები ფილმებისა: „ბზიანეთი“, „ზღვის მგელი“, „სამი სიმღერა“, „გათენების წინ“, „ზღვის მგელი“, „ავტოპორტრეტი“, „ფედია“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „გამოაღეთ ფანჯრები“, „ჭიდაობას რა უნდა“, „ტურანდოტი“, „ბაკულას ღორები“ (დ. კლდიაშვილის მიხედვით), „ყვარყვარე“ (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ მიხედვით) და ა.შ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი უაღრესად წარმატებული შემოქმედებითი თანამშრომლობა კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთან ფილმებში: „სამანიშვილის დედინაცვალი“ (დ. კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (რომლისთვისაც სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიიღო), „ექსპრეს-ინფორმაცია“ და „ჭა“.
ქართული მწერლობის გამორჩეული წარმომადგენლის ნიჭი და დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. რეზო ჭეიშვილი იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.