თბილისის სიმფონიური ორკესტრი საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი 2014 წლის თებერვალში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ალ ბუსტანის 21-ე „მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე“ გაემგზავრება. 18 თებერვალს ფესტივალი თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის კონცერტით გაიხსნება. სოლისტის ამპლუაში მსოფლიო აღიარების მქონე ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი წარდგება. იგივე პროგრამა 20 თებერვალსაც შესრულდება. 22 თებერვალს, თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი სცენაზე ფრანგ მევიოლინე ალექსანდრა სუმთან ერთად გამოვა. პროგრამაშია ფელიქს მენდელსონის უვერტიურა „ჰიბრიდები“, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი და პეტრე ჩაიკოვსკის პირველი სიმფონია. ქართულ ორკესტრს ფესტივალის აუდიტორია 26 თებერვალსაც მოუსმენს. შეგახსენებთ, რომ ევროპის საფესტივალო ასოციაციის წევრის, ალ ბუსტანის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის აუდიტორიის წინაშე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი ამჯერად უკვე მეოთხედ წარდგება. ორკესტრი 2011 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს ფესტივალში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები