კახა კალაძე – იგორ ბლაჟევიჩზე: გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ არსებობს იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერი, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე.
მისივე განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობდნენ.
„სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანები ქვეყანაში გადატრიალებაზე, დაპირისპირებაზე ტრენინგებს ატარებდნენ. რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ კონკრეტული ვიდეოჩანაწერი, რაც ეხებოდა რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ეს შეფუთული იყო ისე, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ. რეალურად კი სისხლისღვრაზე იყო საუბარი. საზოგადოება ხედავს, რომ გარე აქტორები არიან ჩართულები. საქართველოს მოსვენებას არ აძლევენ. სიფრთხილეა საჭირო. მადლობას ვუხდი შესაბამის სამსახურებს, რომ არიან მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის სხვადასხვა სამსახურის ერთობლივი და ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვანია.
„სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ფაქტები იყო. ამან საზოგადოებაშიც აღშფოთება გამოიწვია. როგორც ვიცი, ამაზე გამოძიება დაწყებულია. როგორც მოვისმინე, იდენტიფიცირების პრობლემა არის, თუმცა შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა. საამაყოა ის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა. საამაყოა ის, რომ დღეს ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. თითოეული სამსახურის ეფექტური მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.