ირაკლი ჩიქოვანი – “ქოლცენტრების” საქმეზე: საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ოპოზიცია მორიგ ჯერზე ყველა ნეგატივის ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი “ქოლცენტრების” საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას აფასებს და აცხადებს, რომ კომისიის შექმნის მოთხოვნით ოპოზიცია მორიგ ჯერზე ყველა ნეგატივის ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს.
„ჩემთვის როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყებები უკვე აწარმოებენ გამოძიებას, უკვე არაერთი შედეგია მიღწეული. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის, გერმანიის წარმომადგენლებთან ერთად, მიღწეული გვაქვს შედეგი და პასუხისგებაში მიცემულია სხვადასხვა პირი. დარწმუნებული ვარ, გამოძიებები კვლავ გაგრძელდება და შედეგი იქნება მიღწეული. კომისიის შექმნის მოთხოვნით ოპოზიცია მორიგ ჯერზე ყველა ნეგატივის ხელისუფლებასთან დაკავშირებას ცდილობს. ამას საზოგადოება უკვე სერიოზულად არ აღიქვამს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი საშუალება, ოპოზიციამ საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, რასაც არანაირი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს, გამოავლენს მის ორგანიზატორებს, მფარველებს, ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს და ამით გამოწვეულ მძიმე პოლიტიკურ შედეგებს.