ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია „ნაცმოძრაობის“ დასუსტებისთვის, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა მაინც არ აქვს იმას, თუ ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე
ხაბეიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია „ნაცმოძრაობის“ დასუსტებისთვის, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა მაინც არ აქვს იმას, თუ ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიდის დაშლისკენ, დასუსტებისკენ და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს განსაკუთრებით 2024 წლის საარჩევნო პროცესის ჩათვლით.
„თავიდანვე იყო გეგმაში, რომ ხაბეიშვილი 4 თვით უნდა მოსულიყო. რატომღაც ჩაითვალა, რომ ხაბეიშვილს პარტიის შიგნით საარჩევნო რესურსი ჰქონდა. ასე ჩათვალეს კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა, რომ ხაბეიშვილს უფრო მეტად შეეძლო მელიასთვის არჩევნებში მოგება, ვიდრე იგივე ცისკარიშვილს, ან რომელიმე სხვას და ამის გამო დააყენეს ის თავმჯდომარეობის კანდიდატად, თუმცა თავიდანვე იყო გეგმა, რომ 4 თვეში ის უნდა შეცვლილიყო იგივე ცისკარიშვილით, ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსით „ნაცმოძრაობიდან“. როგორც ჩანს, ეს დროც მოდის. საბოლოო ჯამში ყველა ხვდება, რომ ეს არის აბსოლუტურად ოდიოზური ფიგურა და „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს, რა თქმა უნდა, დაეტყობა ხაბეიშვილის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარეობა. ვერ ამყარებს ურთიერთობას ვერც ქვეყნის გარეთ, ვერც ქვეყნის შიგნით და ა.შ. ეს პრობლემა მას აქვს. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია ის ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება ხაბეიშვილთან დაკავშირებით. ხაბეიშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია „ნაცმოძრაობის“ დასუსტებისთვის, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა მაინც არ აქვს იმას, თუ ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე. თან თუ გადახედავთ მთლიანად სპექტრს, პოტენციური კანდიდატი ვინ არის? ცისკარიშვილი ან ბეჟაშვილი. არც ერთი არ არის რამით ბევრად უკეთესი ხაბეიშვილზე. რა თქმა უნდა, შეიძლება ნაკლებად კომიკური იყოს ერთი ან მეორე ხაბეიშვილთან შედარებით, მაგრამ არაფრით უკეთესი არ არის არც ერთი და არც მეორე. აქედან გამომდინარე, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ იქნება „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე, ასეც და ისეც „ნაციონალური მოძრაობა“ მიდის დაშლისკენ, დასუსტებისკენ და ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით 2024 წლის საარჩევნო პროცესის ჩათვლით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.