ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ ეს ადამიანები, აგენტურა საქართველოს მართავდა 9 წლის განმავლობაში. ასევე, ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ ის არის მთავარი ოპოზიციური ძალა დღემდე

ჩვენი ქვეყნის უბედურება ისაა, რომ ეს ადამიანები, აგენტურა საქართველოს მართავდა 9 წლის განმავლობაში. ასევე, ჩვენი ქვეყნის უბედურებაა, რომ ის არის მთავარი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში დღემდე. ეს არის უბედურება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს აგენტურა ჩანაცვლდეს ჯანსაღი ოპოზიციით, პატრიოტული ოპოზიციით, რომელსაც ექნება რაღაც გრძნობა საკუთარი ქვეყნის მიმართ.

„ხშირად საუბარია იმაზე, ხომ არ სჯობდა სხვანაირი მეთოდებით ბრძოლა ამ ძალასთან. ჩვენ მათივე მეთოდებს ვერ გამოვიყენებთ მათ წინააღმდეგ – რეპრესიებს და ა.შ. ეს იყო მათი ხელწერა, ჩვენ გვაქვს სხვა ხელწერა და მათ შორის ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საქართველოს კონსტიტუციას და ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დავარღვიოთ სამართლის უზენაესობა, გამოვიყენოთ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები და ა.შ. ჩვენ ასევე ანგარიშს ვუწევთ თუნდაც იმას, რომ 500 ათასი ადამიანი, გინდა ისე, გინდა ასე, გინდა ტელევიზიებით, თუ ფულით, თუ როგორც არის, პროცესების გამო, მხარს უჭერს ამ პოლიტიკურ პარტიას. საბოლოო ჯამში ყველაფერს ვუწევთ ანგარიშს, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ამოცანაა ამ პოლიტიკური ძალის განეიტრალება, რადგან არ შეიძლება აგენტურა იყოს ხელისუფლებაში, რაც გამოვიარეთ ცხრა წლის განმავლობაში და არ შეიძლება აგენტურა იყოს თუნდაც ნომერ მეორე პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, არ შეიძლება იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს აგენტურა ჩანაცვლდეს ჯანსაღი ოპოზიციით, პატრიოტული ოპოზიციით, რომელსაც ექნება რაღაც გრძნობა საკუთარი ქვეყნის მიმართ განსხვავებით ამ ადამიანებისგან.

როდესაც საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, მგონი, საბოლოო ჯამში ისინი ხელს გამოკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. თუ წარმოვიდგენთ ამ პროცესს, საბოლოო ჯამში ეს არც იქნება გამოძიება. სინამდვილეში მათ კრიმინალს სჭირდება არა გამოძიება, არამედ მხოლოდ სისტემატიზაცია. ყველამ კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი. უბრალოდ საჭიროა სისტემატიზაცია იმისა, თუ რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა მაგალითად „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამიანური მოპყრობა ვის მიმართ განხორციელდა, ვის წაართვეს ბიზნესი, ვის ჩამოართვეს ქონება, ვინ გაძარცვეს კეზერაშვილმა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და სხვებმა. როგორ ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას ტერიტორიები, რა მოხდა 7, 8, 9 აგვისტოს? ეს ხომ ყველამ იცის. საკმარისია აიღო მაშინდელი ტელევიზიების უწყვეტი კადრი 7 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით და ყველა ძალიან კარგად გაიხსენებს, რა დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები