„ვატიკანის წმინდა საყდარი უმასპინძლებს „ანბანთქებას“, მთელი თავისი მშვენიერებითა და მაგიით“…
1 აპრილს, 10:00 – 17:00 საათზე, ქართველი კალიგრაფისა და მხატვრის, გიორგი სისაურის „ანბანთქების“ ექსპოზიციას იტალიაში ვატიკანის წმინდა საყდარი უმასპინძლებს. ამის თაობაზე თავად მხატვარი ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში.
„მინდა ჩემი უდიდესი სიხარული გაგიზიაროთ!
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს საუნჯეს, რომელსაც ქართული ანბანი ჰქვია – კიდევ ერთხელ ვადიადებთ ამ ექსპოზიციით ევროპაში და მით უფრო მსოფლიოს ცენტრში, ხელოვნების მექაში – იტალიაში. ვატიკანის წმინდა საყდარი უმასპინძლებს „ანბანთქებას“ მთელი თავისი მშვენიერებითა და მაგიით.
„სამოთხის შეხება“ აერთიანებს 38 საზედაო ასოსა და 19 რელიგიურ თემაზე შექმნილ გამოსახულებას ჩემი ბოლო კოლექციიდან, რომლის შექმნაც 2022 წლის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრებისას დავიწყე.
პირველად აღმოჩნდა შინაგანი ღელვის საგანი ამ ექსპოზიციის მოწყობა, რადგან მარტივი პასუხისმგებლობა როდია რენესანსის აკვანში – დიადი მიქელანჯელოსა და რაფაელის ფრესკების გვერდით ჩემი ხელოვნება გავაზიარო, ჩვენი კულტურის უდიდესი მონაპოვარი – ქართული ანბანი გავუზიარო მსოფლიოს და ერთი ნახვით, თავდავიწყებით შევაყვარო ყოველი ასო-ნიშანი.
ჩემი დამოკიდებულება ანბანის მიმართ ბევრმა იცით, თუმცა მინდა გაგიზიაროთ ამ ბოლო სერიის შესახებ რამდენიმე სიტყვა. ხატვა შეიძლება ითქვას რელიგიური ჟანრის გამოსახულებებით დავიწყე ღრმა ბავშვობაში. წლების მანძილზე სახებათა ნაირგვარობა მუდმივად ცვალებადი იყო. ამ მომენტში კი მოცემული კოლექცია გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში გაჯერებულ საკრალურ საზრისებსა და ხატებებს თანამედროვეობის ჭრილიდან დანახულს.
ქართული კულტურა მდიდარია ისეთი უნიკალური საეკლესიო მხატვრობის ნიმუშებით, როგორიცაა: გელათის, ატენის სიონის, ყინწვისისა სხვა მრავალი მოხატულობა ჩვენი წარსულიდან. ჩვენი ვალია, დავიცვათ ყოველი ასეთი ქმნილება ყველანაირი საფრთხისგან.
თუ ამ ნამუშევრებს დააკვირდებით, დაინახავთ, თუ როგორ იშლება გამოსახულება, თითქოს რესტავრაციას, აღდგენას საჭიროებს და ამ ფორმებში ისახება ახალი სახეები და აბსტრაქტული ობიექტები.
ჩემთვის ეს უხილავი კავშირია და ჩაუცხრომელი ვნება – შევქმნა რაღაც ისეთი, რაც შერწყმული იქნება ჩვენს კულტურულ იდენტობასთან, უდიდეს კულტურულ წარსულთან და, ამავდროულად, თანამედროვეობასა თუ მომავლის კონცეპტუალურ, ირეალურ ხედვებთან, სადაც კანონიკის მიღმა არსებული სულიერებაც ცოცხალია. სადაც იდეა ინაყოფებს ათასგვარად…
21 აპრილს დანტე ალიგიერის დარბაზში ერთ-ერთი ასეთი ფორმა დაიბადება და პირველად წარდგება ფართო აუდიტორიის წინაშე.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს წმინდა საყდართან Georgia in the Holy See, ჩვენს ელჩს – მ.ს.უ. პრინცესა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს.
ასევე ქ-ნ. სოფია ქარცივაძეს.
ჩემს უძვირფასეს ეკა გიორგაძეს და „ჰოთ თრეველს”, რომელიც ყოველთვის დგას ქართული ხელოვნების სადარაჯოზე.
აქვე მინდა გთხოვოთ, გაავრცელოთ ეს პოსტი მაქსიმალურად, რომ ხმა მივაწვდინოთ იტალიაში მცხოვრებ ჩვენს ემიგრანტებს, რომელთათვისაც ვფიქრობ, საინტერესო იქნება ეს ექსპოზიცია, მით უფრო, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.