შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო სიახლეებსა და შრომის უსაფრთხოების ნორმებს, რომელსაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა დისკრიმინაციის სამმართველოს უფროსი, ომარ მარგველაშვილი, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას გააცნო ის ძირითადი პრინციპები, რაც სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასზე განხილული იყო შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ყველა ძირითადი ნორმა. შეხვედრა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.