ირკუტსკთან უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცების და დაქირავებულთა სამარხები აღმოაჩინეს
ირკუტსკთან ახლოს უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცების და დაქირავებულთა ორი სამარხი აღმოაჩინეს.
ამის შესახებ გამოცემა “ბაიკალის ხალხი” წერს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მათგანზე ადრეც იყო ცნობილი.
ორივე სამარხი ირკუტსკის მახლობლად ალექსანდრეს სასაფლაოზე მდებარეობს.
პირველი არის 13 საფლავისგან შემდგარი “გმირთა ხეივანი”, რომელიც ცენტრალურ შესასვლელთან მდებარეობს, ხოლო მეორე “ვაგნერის” დაქირავებულთა 53-კაციანი საფლავია, რომელიც სასაფლაოს შორეულ კუთხეში იძებნება.
სასაფლაოს მონახულების შემდეგ, გამოცემა იქ დამარხული რამდენიმე ჯარისკაცის ნათესავებს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მათ არც იცოდნენ, რომ ოჯახის წევრი ომში დაიღუპა.
ნათესავების ისტორიებიდან ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ “ვაგნერის” წევრის დაღუპვისთვის ოჯახი ხუთ მილიონ რუბლს კომპენსაციის სახით იღებს. კიდევ 100 ათასი გამოიყოფა დაკრძალვისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ დაღუპულის ოჯახს ვერ აგნებენ, დაქირავებულს “ვაგნერი” თავად კრძალავს, შესაბამისად, არც კომპენსაციას უხდის ვინმეს.
