ირაკლი სესიაშვილი: რასმუსენის ინიციატივა დიდი ალბათობით რუსულ აგრესიას შეაჩერებს

ნატოს გენერალური მდივნის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, ნატო აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თავისი ახალი ბაზების განთავსებას გეგმავს, “კვირასთან“ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აფასებს.
ირაკლი სესიაშვილი მისასალმებელს უწოდებს იმ გარემოებას, რომ ნატო რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ კონკრეტულ ნაბიჯებზე გადადის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარაუდობს, რომ სხვა სანქციებთან ერთად, ბაზების განთავსება გაცილებით ეფექტურად შეაკავებს რუსეთის მხრიდან წამოსულ აგრესიას და საბოლოოდ რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რბოლას ვერ გაუძლებს. “მისასალმებელია ის გარემოება, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და მიზნებს ნატო ადეკვატურად აფასებს, ალიანსი აქამდეც ადეკვატურად აფასებდა ამ აგრესიას, თუმცა გარკვეული დიპლომატიური, მშვიდობიანი საშუალებებით პასუხობდა. რუსეთის მხრიდან აგრესიის გამოვლენისთვის ხელის შეშლა როგორც ვხედავთ მხოლოდ დიპლომატიური განცხადებების კეთებით არ გამოდის და ალბათ არც გამოვა. მის წევრ ქვეყნებში თავდაცვითი ზომების გაძლიერებით ნატო ამ ეტაპზე აღმოსავლეთ ევროპაში, კონკრეტულ მოქმედებებზე გადადის. რასმუსენის მხრიდან აღნიშნული განცხადება, შესაძლოა ერთის მხრივ, ერთგვარი პოლიტიკური მესიჯი იყოს და მეორეს მხრივ, პრაქტიკული თვალსაზრისით შემაკავებელი ფაქტორი. ვფიქრობ, ეს იმუშავებს და რუსეთის აგრესიის ეფექტური შემაკავებელი იქნება. რუსეთის რესურსი დიდად განსხვავდება ნატოს რესურსისგან ნატოს შეუძლია რაკეტები განალაგოს აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსაც შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა სხვა სანქციებთან ერთად, რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ამ რბოლას ვერ გაუძლებს“, – განუცხადა “კვირას“ ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, ნატო აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თავისი ახალი ბაზების განთავსებას გეგმავს. “გარდიანის” ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასავლურ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები