თეა წულუკიანი რეგიონებში მოქმედ სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრსა და მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან, გიორგი დონაძესთან ერთად, ამბროლაურის სალოტბარო სკოლაში იმყოფებოდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი სკოლის ლოტბართან, ლევან ბერელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო სალოტბარო სკოლის მუშაობასა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს რეგიონში ქართული ფოლკლორის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამ დარგის განვითარება კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ამის შემდეგ მინისტრი ანსამბლის ,,საგალობელი” წევრებს შეხვდა და აცნობა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი მიმდინარე წლის ზაფხულში პარიზში, ლევილში გაემგზავრება და ქართულ მიწაზე სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რითაც საკუთარ შემოქმედებას უცხოელ აუდიტორიასა და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს გააცნობს.
,,ამბროლაურის სალოტბარო სკოლა 2014 წელს ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით დაფუძნდა და პირველი სკოლაა, რომელიც ფოლკლორის ცენტრის ძალისხმევით დაარსდა. 2022 წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. სასწავლებელში ამ ეტაპზე 44 მოსწავლეა. ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას.
თეა წულუკიანმა ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც მოინახულა და მის დირექტორთან, მხატვარ ბესო კობახიძესთან ერთად, მუზეუმის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელა. მუზეუმი 1965 წლიდან ფუნქციონირებს და მასში დაცულია ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ავთო ვარაზის, ზურაბ ნიჟარაძისა და სხვა ქართველ მხატვართა ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული თუ სკულპტურული ნამუშევრები, ჭედურობის ნიმუშები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.