პრიგოჟინი პუტინს მოუწოდებს, რომ ომი დასრულებულად გამოაცხადოს
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამაგრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრიგოჟინის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
„[რუსეთის ფედერაციის] ხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია – გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას იმის შესახებ, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა, და რაღაც მხრივ მათ მართლა მივაღწიეთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა გავანადგურეთ და საკუთარი თავის წინაშე შეგვიძლია ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია.
თეორიულად რუსეთმა ეს მსხვილი წერტილი უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებით, მისი სხვა ნაწილის შეშინებით, რომელიც ევროპაში გაიქცა.
რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე“, – წერს პრიგოჟინი.
როგორც „ვაგნერის“ ლიდერი აღნიშნავს, რუსეთს მხოლოდ იმ ტერიტორიებზე გამაგრება დარჩენია, რომლებიც უკვე გვაქვს.
მისი თქმით, არის ერთი პრობლემა, რომელიც ომმა გამოიწვია: „თუ ადრე უკრაინა ყოფილი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა ის აბსოლუტურად ერზე ორიენტირებული სახელმწიფოა“.