“რუსეთი სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებში დასავლეთის მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებს ითვალისწინებს” – სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს გახსნას მეორე ფრონტი საქართველოში, მოლდოვაში, ისევე – როგორც პოლონეთის სამხედრო კონტინგენტს ბელარუსის საზღვარზე.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უზბეკეთში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა.
“ამ ფაქტორების ერთობლიობა არავის აძლევს მოდუნების საშუალებას, ჩვენ არც ვდუნდებით. ყველაფერ ამას ვხედავთ და ვითვალისწინებთ ჩვენს დაგეგმარებაში – როგორც სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ, ასევე, სხვა კუთხით”, – თქვა მან.
რუსმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ხედავდა, როგორ ცდილობდნენ საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვას მეორე ფრონტის გახსნაში, მაგრამ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე.
ლავროვის თქმით, იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოლდოვაში იყო მცდელობები “მეორე, მესამე თუ ერთნახევრიანი ფრონტის“ გახსნაზე.
„ის, თუ როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას, ნათლად გამოიკვეთა, როდესაც მოლდოვაში პრეზიდენტის და მთავრობის პროდასავლურ ხაზთან დაკავშირებით იყო პროტესტი, პროტესტი ეკონომიკური განვითარების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ. დასავლეთმა ეს ყველაფერი დაგმო და წარმოაჩინა თითქმის ხელისუფლების დამხობის მცდელობად. ამავდროულად, საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ ფულს იღებთ საზღვარგარეთიდან და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, ნება იბოძეთ და გვითხარით, საიდან ფინანსდები”, – თქვა ლავროვმა.
რუსი დიპლომატის თქმით, საქართველოს შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს დასავლეთი აქტიურად უჭერდა მხარს.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვანი რაოდენობის კონცენტრირება მოახდინა, “რაც ასევე არავის არ უნდა დაავიწყდეს”.