“უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე წელს გაგრძელდეს” – მატეუშ მორავეცკი 

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ზუსტი თარიღის დადგენას არ ვცდილობთ, უბრალოდ, ვაკვირდებით – თუ რა ხდება ფრონტზე, ბრძოლის ველზე და ამის შესაბამისად ვცდილობთ სიტუაციასთან ადაპტირებას. უკრაინის მხარდასაჭერად დიპლომატიის მეშვეობით ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთ ევროპაში“, – თქვა მორავიეცკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ომი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს, პოლონეთის პრემიერმა დადებითად უპასუხა.

მორავიეცკიმ ასევე თქვა, რომ, საიდუმლო მასალების გაჟონვის მიუხედავად, აშშ-ის სპეცსამსახურებს ენდობა.

„დასანანია, მაგრამ ასეთი რამ, სამწუხაროდ, ხდება“, – განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

მან დასძინა, რომ პოლონეთი ხშირ კონტაქტებს ინარჩუნებს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებთან და თავად ორჯერ შეხვდა ამ სამსახურების კოორდინატორს, ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ავრილ ჰეინსს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები