“ომში რუსეთის გამარჯვება კატასტროფაა, უკრაინის გამარჯვება კი მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს” – მარინ ლე პენი

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის – “ეროვნული გაერთიანების” ლიდერი, მარინ ლე პენი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა დაუყოვნებლივ მოლაპარაკებების დაწყება, რადგან ვერც რუსეთის და ვერც უკრაინის გამარჯვება მსოფლიოსთვის მშვიდობის მომტანი ვერ იქნება.

ამის შესახებ მან El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, თავს ესხმის სხვა ქვეყანას და ემუქრება მის სუვერენიტეტს, არ შეიძლება, იყოს თანაბარი დისტანცია, თქვენ უნდა დაიკავოთ პოზიცია“, – თქვა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, მაგრამ შეტევითი იარაღის წინააღმდეგია.

მისი აზრით, კონფლიქტის საუკეთესო გამოსავალი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი დაწყებაა.

„თუ რუსეთი ომს მოიგებს, ეს იქნება კატასტროფა, რადგან ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს ტერიტორიული კონფლიქტი, იფიქრებს, რომ მათაც შეუძლიათ იარაღის გამოყენებით მისი მოგვარება. თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ ომში ნატო შევიდა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ნატოს ძალის გარეშე რუსეთს ვერ დაამარცხებს. ეს კი ნიშნავს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას”, – თქვა მან.

ლე პენი ასევე მესამე ვარიანტითაც გამოდის და ამბობს, რომ „თუ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ნელ-ნელა იარაღის მიწოდებას, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ, მაშინ ჩვენ “ასწლიანი ომის” წინაშე აღმოვჩნდებით, რაც, ადამიანური დანაკარგების გათვალისწინებით, საშინელი დრამა იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები