ბაიდენი ამბობს, რომ აშშ პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვაში მონაწილე პირის იდენტიფიცირებასთან არის ახლოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ახლოს არის იმ პირის იდენტიფიცირებასთან, რომელიც ინტერნეტპლატფორმებზე უკრაინასთან დაკავშირებული, პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვაში მონაწილეობდა.
ამის შესახებ მან დუბლინში ჟურნალისტებს განუცხადა, – იტყობინება CNN-ი.
“როგორც იცით, სრულმასშტაბიანი გამოძიება მიმდინარეობს. სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპარტამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, – თქვა ბაიდენმა.
დოკუმენტების გაჟონვის შემდეგ, ეს არის ბაიდენის პირველი კომენტარი.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაჟონვის ფაქტით არის შეშფოთებული და არა – მისი შინაარსით.
”მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მომენტში არაფერია ისეთი, რასაც რაიმე შედეგი შეიძლება, მოჰყვეს,” – დასძინა მან.