“დროა, შავი ზღვა გახდეს ის, რაც ბალტიის – ნატოს ზღვა” – დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი სტრატეგიაა საჭირო, ხოლო შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ბალტიის – ნატოს ზღვა.
ამის შესახებ მინისტრმა ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
კულებას თქმით, შავი ზღვა არის მაგალითი იმისა, რამდენად სწრაფად შეიძლება, ყველაფერი გაუარესდეს, როდესაც საფრთხეების იგნორირება მოხდება, რადგან რუსეთი წლებია, რეგიონში იარაღს აჟღარუნებს.
“საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა – მოსკოვი ერთი მეორეს მიყოლებით ახორციელებდა სასტიკ თავდასხმას. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა, დაეჯერებინა, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის და ევროპის გავლენების სფეროებად დაყოფისთვის “იალტის” მორიგი კონფერენცია ჩატარდებოდა”, – თქვა დიპლომატმა.
მან სინანული გამოთქვა, რომ დასავლეთს არ გააჩნდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია მაშინ, როდესაც რუსეთს ის ყოველთვის გააჩნდა – აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული სტრატეგია.
მინისტრმა გაიხსენა, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე რუსეთის პირველი თავდასხმა 20 წლის წინ, შავ ზღვაში, კუნძულ ტუზლაზე მოხდა.
”რუსეთი მოქმედებდა იქ, სადაც დასავლეთი ყოყმანობდა. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ ნატოს კარები დაუხურა საქართველოს და უკრაინას, რუსეთმა სწრაფი რეაგირება მოახდინა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი მანიაკი ხდებოდა, მაგრამ ზოგიერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო სტრატეგია – გახადო მანიაკი ბედნიერი. მათ შორის, მისი პოტენციური მსხვერპლის დაუცველად დატოვებით“, – თქვა კულებამ.
მისი თქმით, ვილნიუსში ნატოს მოახლოებული სამიტი არის სწორი დრო, რომ გამოსწორდეს წარსულის შეცდომები და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგას.
“კარგი დროა იმის ჩვენებისთვის, რომ კარები არა მხოლოდ ღიაა, არამედ არსებობს მკაფიო გეგმა, როდის და როგორ შევა უკრაინა მათში. ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვესმის, რომ შიში არ არის სტრატეგია. დროა, განვავითაროთ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი ქსელი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც თავს დაუცველად გრძნობენ თავისუფლებაზე მყოფი მანიაკის გამო. დროა, გადავაქციოთ შავი ზღვა ბალტიისპირეთის მსგავსში: ნატოს ზღვაში“, – აღნიშნა მინისტრმა.