თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა
საქართველოს და პოლონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ორმა ოცეულმა საჩვენებელი საველე-სიტუაციური სწავლება ჩაატარა.
საქართველოსა და პოლონეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებმა პირადი დაცვის, კონვოირების, მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირების, კორდონის, ჩხრეკის, პატრულირებისა და სხვა სამხედრო საპოლიციო სავარჯიშოები შეასრულეს. ორკვირიანი სწავლება საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თავსებადობის გაზრდას და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონთან (NATO MNMPBAT) სრულფასოვანი წევრის სტატუსის მოპოვებას ისახავდა მიზნად. 2023 წლის ივლისში სამხედრო პოლიციის ოცეული ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის შემფასებელთა ჯგუფის სპეციალურ სერტიფიცირების პროცესს გაივლის, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ნატოს სტანდარტებით გადამზადებული სამი ოცეული ეყოლება. სერტიფიცირებულ ქვედანაყოფებს შესაძლებლობა ექნებათ ნატოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მიიღონ მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თავდაცვის პოლკოვნიკ კახა პეტრიაშვილის სახელით, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თავდაცვის პოლკოვნიკმა კობა ლაჭყეპიანმა პოლონელ ინსტრუქტორებს სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობის სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა.