ანსამბლებს – „სათანაოს“, „მთიებსა“ და „იალონს“ კულტურის სამინისტროსგან ახალი სასცენო სამოსი გადაეცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ქალთა პირველ პროფესიულ მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „სათანაოს“, ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლ „იალონს“ და ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრ (ფოლკლორული ანსამბლი) „მთიებს“ ახალი სასცენო სამოსი გადაეცა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლ „სათანაოს“ გადაეცა ახალი სასცენო სამოსის 14 კომპლექტი, კერძოდ, სვანური, თუშური, ფშაური, ხევსურული სასცენო კაბები. ანსამბლ „მთიებს“ გადაეცა ექვსი კაბის კომპლექტი, რვა ჩოხა-ახალუხი და ორი ხევსურული ტალავარი. ანსამბლ „იალონს“ გადაეცა 16 კაბის კომპლექტი.
„ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“, რომელთანაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2022 წელს 133 360 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სასცენო სამოსი შეკერა რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისა და „სათანაოსთვის“.
ეს ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.
ქალთა პირველი პროფესიული მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „სათანაო“ 2005 წელს ქალაქ თბილისში, ჯვარის მამის ეკლესიის მგალობელ გოგონათა გუნდის ბაზაზე შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლების ბოლოს საეკლესიო ღვთისმსახურებაში ქართული ტრადიციული გალობა, ანჩისხატის გუნდთან ერთად, სწორედ ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენლებმა აღადგინეს და ლიტურგიულ პრაქტიკაში დანერგეს.
ანსამბლის წევრები ერთნაირი ინტერესით ასრულებენ ქალთა და მამაკაცთა რეპერტუარს, სოფლურ და ქალაქურ სიმღერებს, საფერხულოებსა და საცეკვაოებს.ანსამბლის წევრთა უმეტესობა სპეციალობით მუსიკოსია, გალობს ტაძარში, ამავდროულად, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ქართულ ტრადიციულ მუსიკას საზღვარგარეთაც უწევს პოპულარიზაციას.
ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლი „იალონი“ მეთოთხმეტე წელია, ეთნომუსიკოლოგ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას. გუნდის მთავარი მიზანი ქართული ხალხური, საეკლესიო და ქალაქური მუსიკის შესწავლა და ახლებური არანჟირებაა.
ანსამბლმა გამოსცა რვა კომპაქტ- და ერთი DVD-დისკი; ასობით კონცერტი და სემინარი ჩაატარა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში; მოიპოვა არაერთი გამორჩეული ჯილდო საქართველოსა თუ უცხოეთში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებზე.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ჩატარებულ „საქართველოს ფოლკლორის 2016-2017 წლების ეროვნულ ფესტივალზე” გუნდმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ქალთა ფოლკლორული ანსამბლი“.
2017 წელს თბილისის საგუნდო მუსიკის კონკურსზე „იალონმა“ ქართულ ტრადიციულ გალობაში გრან-პრი მიიღო, ხოლო ქართულ ხალხურ სიმღერაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. 2019 წელს გუნდს არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.
წელს „იალონმა“ გამოსცა კომპაქტდისკი – „50 ქართული სიმღერა“. 2023 წლის მაისსა და სექტემბერში გუნდი საგასტროლო პროგრამით მიწვეულია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.
1980 წელს შეიქმნა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მთიები“, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი მუსიკოს-ფოლკლორისტი, შემდგომ – უდიდესი მნიშვნელობის ეთნომუსიკოლოგი ედიშერ გარაყანიძე. მის მიერ შემუშავებულმა, პირველად შემსრულებლობაზე დამყარებულმა შემოქმედებითმა პრინციპებმა „მთიები“ სხვა ანსამბლებისაგან მალევე გამოარჩია. დღესაც ანსამბლის უმთავრესი პრინციპია ფოლკლორული ნიმუშის ისე შესრულება, როგორც მას ასრულებდნენ ან ნაწილობრივ დღესაც ასრულებენ ჩვეულ ეთნოგრაფიულ გარემოში. ანსამბლის წევრები სიმღერასთან ერთად ცეკვავენ და უკრავენ სხვადასხვა საკრავზე. ანსამბლის მიზანია, სცენაზე წარმოდგენილ ფოლკლორულ ნიმუშებს შეუნარჩუნოს ის ბუნებრიობა და სილაღე, რომელიც ახასიათებს მათ პირველად ფორმებს.
გიორგი გარაყანიძის სამეცნიერო კვლევებში დეფინიცია „ეთნომუსიკის თეატრი“ ასახავს ფოლკლორის სინკრეტიზმს, მის თანაარსებობას ეთნოგრაფიულ ყოფასთან (ამ საკითხს მიეძღვნა მისი მონოგრაფია, რომელიც 2008 წელს გამოიცა). ვინაიდან „მთიები“ სცენაზე აჩვენებს ფოლკლორს იმ ფორმით, როგორითაც ის ყოფაში სრულდებოდა, 2004 წელს ჯგუფის სახელწოდებაში განსაზღვრება „ფოლკლორული ანსამბლი“ დაზუსტდა და მას ეწოდა „ეთნომუსიკის თეატრი „მთიები““. 2012 წელს „მთიებს“ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელი მიენიჭა.
„მთიებმა“ ჩაწერა და გამოსცა ორი ვინილის ფირფიტა, რვა აუდიო- და ერთი DVD-დისკი.
სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე სხვადასხვა პრობლემაა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მაღალი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა. დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის სასცენო სამოსი არ გადაუცია. სწორედ ამიტომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოცხადდა პირველი ტენდერი. 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისთვის.
2023 წელს სასცენო სამოსის დასამზადებლად გამოყოფილია 150 000 ლარი. მოთხოვნა წარადგინა 20-ზე მეტმა ანსამბლმა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები