სალომე ზურაბიშვილი: ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი
“ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი – მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც 9 აპრილს უკავშირდება და რომელსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებიან.
ზურაბიშვილის თქმითვე, საქართველოს ერთადერთი უალტერნატივო მომავალი – ევროპაა.
“ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ – არა დაყოფას!
ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს, სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც.
იმაზედაც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? ჩვენ კარგად ვიცით რა გვინდა, რა სჭირდება ამ ქვეყანას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.