პაპუაშვილი – მოსამართლეების დასანქცირებაზე: საუბარია ღია წყაროებზე, რა საგამოძიებო კომისია სჭირდება ღია წყაროებს, დასხდნენ, „დაგუგლონ“

კომისიის ჩამოყალიბების იდეა ოპოზიციას ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა…თაროზე აქვთ შემოდებული, მე ვეუბნებოდი, რომ გამოეტანათ, მაგრამ უარს ამბობდნენ, ახლა დაჩქარებული წესით კენჭისყრა უნდათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში არსებულ ინფორმაციას ეფუძნება და ამ საკითხს საგამოძიებო კომისია არ სჭირდება.

„კომისიის ჩამოყალიბების იდეა ოპოზიციას ჯერ კიდევ შარშან ჰქონდა. პირადად მე ვეხვეწებოდი, პლენარულ სხდომაზე გამოეტანათ კენჭისყრაზე და არ გამოჰქონდათ. რა საჩქაროა, რომ რიგგარეშე სხდომას ითხოვენ, არ ვიცი. მით უმეტეს, დღეს პარასკევია და თუ გამოტანაა, დღეს უნდა ყოფილიყო. თაროზე აქვთ შემოდებული, მე ვეუბნებოდი, რომ გამოეტანათ, მაგრამ უარს ამბობდნენ, ახლა დაჩქარებული წესით კენჭისყრა უნდათ.

რაც შეეხება შინაარსს, თუ ამ [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის] განცხადების საფუძველზეა – აქ საუბარია ღია წყაროებზე. რა საგამოძიებო კომისია სჭირდება ღია წყაროებს, დასხდნენ, „დაგუგლონ“, წაიკითხონ ანგარიშები და მედია რეპორტაჟები მოისმინონ. საუბარია არა რაიმეს გამოძიებაზე, დაკითხვებზე, არამედ იმაზე, რომ როგორც ჩანს, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რაც საჯარო სივრცეშია და ამას კომისია არ სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები